„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“
სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.
„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.
დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.