Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ​განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:

„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წაიკითხეთ სრულად