Baby Bag

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. დღეს ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო მიღებული, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ათობით მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ დრო უნდა მოგვეგო,“ - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.

„ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში - ვირუსის რისკების მართვა, ვირუსის დროში გავრცელების მართვა, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები არ იგეგმება: 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად