Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სად დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? - სულ 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

სად დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? - სულ 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
,,დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335,'' - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.

1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

წაიკითხეთ სრულად