Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსის დიაგნოზით 2 ბავშვი დაემატა

ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსის დიაგნოზით 2 ბავშვი დაემატა

​,,ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ახალი პაცინეტი დაგვემატა, მათგან ორი ბავშვია,'' - აღნიშნულის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის:

,,ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან თეთრიწყაროს კლასტერიდან, ერთი კი მოზარდია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ის არ არის ინფიცირებული. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი. დღეს გამოჯანმრთელება არ გვაქვს," - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 610
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 269
  • მათ შორის გარდაცვლილი - 9
  • კარანტინის რეჟიმში - 5133
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
წაიკითხეთ სრულად