Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება 24 დეკემბრიდან? - სრულად

რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება 24 დეკემბრიდან? - სრულად
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება. მიღებულ გადაწყვეტილებებზე საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

​„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე.

​ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე.

​- ინფიცირებიის დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე.

​შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის.

​ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით:

​1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

​2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

​3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

​4. 24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები

​5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:
● მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე
● მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
● მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი
● მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
● ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
● ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
● ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ
● სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით
● ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები
● აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას
● ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

​6. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მტელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

​7. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

​8. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

​9. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

​10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

​11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

​12. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
წაიკითხეთ სრულად