Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

წაიკითხეთ სრულად