Baby Bag

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  

,,პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,PCR ტესტი შეიძლება, დადებითი იყოს 3 თვემდე...'' - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით წერს

,,PCR ტესტი შეიძლება, დადებითი იყოს 3 თვემდე...'' - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით წერს

სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსზე ახალ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,როგორც ვიცით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ პაციენტებს, ვისთანაც სიმპტომების დაწყებიდან გასული აქვთ 10 დღე (და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე) ან უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში პირველი დადებითი PCR ტესტიდან გასულია 10 დღე, აღარ ჩაუტარდეთ განმეორებითი PCR ტესტი და პირდაპირ ჩაითვალონ გამოჯანმრთელებულებად.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოცდილებას. საქმე იმაშია, რომ PCR განმეორებითი ტესტირების დროს ბევრი რეალურად გამოჯანმრთელებული ადამიანის ტესტის პასუხი კვლავ რჩება დადებითი. რეალურად კი ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ. უბრალოდ, ისინი კვლავ გამოყოფენ ვირუსული რნმ ფრაგმენტებს, ანუ მათი PCR ტესტი შეიძლება ისევ დადებითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გადამდებია.

როგორც გვახსოვს, თავდაპირველად პაციენტების კლინიკებიდან გაწერა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 24 საათში ორჯერადად უარყოფითი ტესტის პასუხი ჰქონდათ. ამის გამო ისინი, ვისაც ტესტი დადებითი ქონდათ, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ხანდახან კვირაობით რჩებოდნენ სტაციონარში, არადა, არც თავიანთი ჯანმრთელობის მხრივ და არც ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ ვირუსული რნმ-ის შემორჩენილი ფრაგმენტები ესაზღვრებოდათ.

PCR შეიძლება დადებითი იყოს 3 თვემდე. თუმცა ყველა კვლევა და ფაქტები მოწმობს, რომ ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები. ამიტომ ასეთ პაციენტებს აღარ ევალებათ იყვნენ იზოლირებულები, რადგან ისინი ითვლებიან გამოჯანმრთელებულებად და არ წარმოადგენენ ინფეციის წყაროს. 

ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არა აქვთ, იზოლაციისგან განთავისუფლებულებად ითვლებიან პირველი დადებითი PCR ტესტიდან 10 დღეში და აღარ წარმოადგენენ რისკს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად