„სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის სტატუსს სიტყვა-სიტყვით:
„სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის „გადასხმები“. წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ ჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტიურად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ.
ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პიდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).
ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა სახლშია ამ დიაგნოზით, მირეკავს და რჩევეებს მეკითხება. ჰოდა, ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ვუნიშნავ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით. ასე არ შეიძლება, მათ გამოყენებას თავისი დრო და ჩვენება აქვს და შეიძლება საქმე გაკეთების ნაცვლად გავაფუჭოთ.
თუმცა ამ პაციენტებმაც რა ქნან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატის გამოყენებით. რა წამალი აღარ გაჟღერდა - პლაქვენილი, კალეტრა, რიბავირინი... ახლა რეკონვალესცენტ პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, რემდესივირი. კი ბატონო, უამრავი წამლის გამოცდა მიმდინარეობს და იმედია ზოგიერთი მათგანი გაამართლებს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია. თავის დროზე პლაქვენილზე რამე კითხვას თუ დავსვამდით, თუნდაც მორიდებულად, სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. ახლა იგივეა რემდესივირთან დაკავშირებით. ამიტომ რა ქნან ამ პაციენტებმაც, მიეჩვივნენ, რომ რაღაც მქუხარე დასახელების წამლები უნდა გაგიკეთდეს, თუ კოვიდი გაქვს. ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები.
ამ ხმაურიან პრეპარატებზე დროის დაკარგვის მაგივრად ეს დრო რომ სხვა უფრო სასარგებლო, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორს-მაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება.
სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.
ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემებია, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ.
და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე!!! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
„თითქმის არ მეძინა... სამ მეგობარს ვერ დავეხმარე ვერაფრით, გული მომიკვდა...“ - დავით გადელიას ემოციური პოსტი
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის მძიმე სურათს ეხმიანება:
„თითქმის არ მეძინა... თავი სიურეალისტურ ფილმში მგონია - უფრო ძველ, შავ-თეთრ სურათში... სამ მეგობარს ვერ დავეხმარე ვერაფრით.. ორმა რაღაც კლინიკა მაინც მოიძია და ერთ მეგობარს, ქალაქში დაფასებულ და ცნობილ კაცს, მთელი ღამე მანქანით დაყავდა კლინიკა -კლინიკა ოჯახის კოვიდიანი მოხუცი წევრი, ვერსად ვერ ათავსებდა.. გული მომიკვდა...
..... ზუსტად ამ დროს, "საზმაუზე" ამტკიცებდნენ, რომ არავითარი კოვიდი, პანდემია, პსრ ტესტი არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა - უბრალოდ ვიგონებთ რაღაცებს! არავითარი პრეტენზია ცხადია არაა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობდა (ვეჭვობ - ზოგადად, დანაშაულზეც არ მოეთხოვებათ მათ პასუხი..), მაგრამ როცა ქვეყანაში სირეგვენის ასეთი მაღალი პროცენტია, როცა ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილისთვის არაა ასეთი სახის გამოსვლა ძაან სასაცილო (ისედაც არაა ეთიკური ასეთი ხალხის გამოყვანა და მათზე ხალისი) და პირიქით - სერიოზულად აღიქმება, რას ემსახურება საზმაუს ეს სიშლეგე??!
ბევრმა მეგობარმა ეს სისულელე ჩათვალა ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკად - სწორედ იმიტომ, რომ საზმაუზე გავიდა!!
სიურეალიზმსაც აქვს თავისი წესები და ლოგიკა...“ - წერს დავით გადელია