,,კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს:
„რაღა ვთქვა აღარ ვიცი, რადგან თებერვლიდან მოყოლებული ვიმეორებ და დღეს არის მართლა ის მომენტი, როცა თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუ თითოეული ჩვენთაგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვიაროთ ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება. ჯერ კორონას წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა - ნიღაბი და დისტანცია. ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
„ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“ - გიორგი გახარია
„მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება,” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს დანაკლისის აღდგენის კონკრეტული გეგმა:
„ფაქტია, რომ დღეს ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 2 სცენარი გვაქვს: თუ 26 აპრილამდე შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა და მე-2 სცენარი (რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ) თუ 26 აპრილამდე ვერ შევძელით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)