საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც უკვე 53 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.
ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კი, ტესტირების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4957 პირი.