ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მოვარიდოთ ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად თამაშს, ცოტა უნდა გავძლოთ,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრი თემურ მიქელაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მშობლებს პანდემიის დროს ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის წესებს აცნობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვები სუფთა ჰაერზე გავიდნენ, თუმცა გარკვეული წესების დაცვით:
„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ბავშვი გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ გარკვეული დროებით. მე ორი დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა საქმესთან დაკავშირებით. იქ იყო ყველა ასაკის ბავშვი სხვადასხვა აქტივობით დაკავებული. იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ პოპკორნებს, ნაყინს და ა.შ. ასეთი აქტივობებით თუ გავიყვანთ ბავშვებს ჰაერზე, ჩვენ აუცილებლად ხელს შევუწყობთ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. მესმის ონლაინ გაკვეთილებია, ეკრანდამოკიდებულებაა, დიდი სტრესია ეს როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. მეტ-ნაკლებად დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნახევარი საათით მაინც გავიყვანოთ ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ სივრცეში.“
თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებმა ჯგუფ-ჯგუფად არ უნდა ითამაშონ:
„ პირველ რიგში, მოვარიდოთ ბავშვები ერთმანეთს, რომ ჯგუფ-ჯგუფად არ ითამაშონ. ცოტა უნდა გავძლოთ. მე ვიმედოვნებ, რომ ადრეული ზაფხულის პერიოდში, ივნისის თვიდან ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს.“
„ჩემი რეკომენდაცია არის ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ წესებს იცავს, ალბათ, მოსახლეობის 10-15 %. სხვა იმუნომოდულაციური საშუალებები პედიატრიულ პრაქტიკაში პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ეს ტყუილი და ზედმეტი ხარჯია. სჯობს ისევ სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, რომ ბავშვს გაუუმჯობესდეს იმუნიტეტი. მთავარია, არ ავყვეთ პანიკას, ბავშვებიც დავამშვიდოთ. ბავშვებს უნდა მოვუყვეთ თავგადასავლები, კურიოზები. მშობლები, ბებიები და ბაბუები ამით უნდა დავკავდეთ. პანიკისგან გათავისუფლება, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს ბავშვის იმუნობიოლოგიური აქტივობის გაუმჯობესებას,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.