Baby Bag

ახალშობილთა მშობლებს იუსტიციის სამინისტრო 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

ახალშობილთა მშობლებს იუსტიციის სამინისტრო 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

„2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც პირველ დეკემბერს ხელი მოეწერა.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას.

„მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში - „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“, - აცხადებენ იუსტიციის სამნისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა
დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.

პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
წაიკითხეთ სრულად