დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ, დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით,“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის კოვიდზე საუბარს აღარ აპირებს:
„ადამიანმა, ალბათ, უნდა მიიღოს და აღიაროს რეალობა.
სიმართლე გითხრათ, მე ამ რეალობის არც მიღება და არც აღიარება მინდოდა, მაინც მჯეროდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საღი აზრი დამარცხდა, , ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართელოში.
ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ. აქ არ არის საუბარი, რომ გიორგი ფხაკაძემ ან რომელიმე ინდივიდმა წააგო. მთლიანობაში ქვეყანამ წააგო.
მოგვწონს თუ არა, ეს არის რეალობა. ცხოვრება ასეა, რომის იმპერიაც დაიშალა, საბჭოთა იმპერიაც, საფრანგეთისაც და დიდი ბრიტანეთისაც. ცხოვრება წინ მიდის. ოდესმე ეს მახინჯი რეალობაც შეიცვლება.
მე ვამბობდი, ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი მარტო იმას, რაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული. ვამბობ ამ რწმენის გამო და არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც მოვაწონო ან არ მოვაწონო.
თუ ადამიანებს არ სურთ დახმარების მიღება, თავს ზევით ძალა არაა. მე, ერთმა ადამიანმა, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ნეგატივი მივიღე და გადავიტანე, დაუმსახურებლად.
დღეს ქვეყანამ წააგო. წაგებაც უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში მხოლოდ 190 000 ადამიანია აცრილი. რომ დაფიქრდე, შიშით გაგაჟრიალებს.
ყველაფერი ჩანს, ვინ გაყიდა საკუთარი თავი, პროფესია, სინდისი.
იმ ადამიანებს მივმართავ, რომ ჰგონიათ, თითქოს მოიგეს, თავისი პოზიცია რომ გაიტანეს. რა მოიგეთ? მაგალითად, ქვეყანაში ერთ დღეში 57 ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის მოგება?
ის, რომ დღეში უამრავი ადამიანი გვეღუპება, რომ ანტივაქსერი ექიმები გვყავს, რომ მეცნიერებიდან საერთოდ აცდენილი ვართ და ყავის მკითხავების, ასტროლოგების გვჯერა, ამაზე რომ ვსაუბრობ, მლანძღავენ.
ტაშს უკრავენ პანდემიასთან დაკავშირებით, ვიღაც, ვთქვათ, მსახიობების და ჯანდაცვასთან შეხებაში არმყოფი ხალხის ყოველგვარ საღ აზრს აცდენილ გამოსვლებს. ეს არის „სპექტაკლის საზოგადოება“.
• თუ დღეს თქვენ ფაიზერით სამჯერ აცრილი არ ხართ, ბოდიში, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი ბრალია. რაც მე ლაივებში ინფორმაცია მოგაწოდეთ, ფეისბუქ გვერდზე ასობით სტატია, კვლევები დავდე, ათასობით ადამიანს პირადში ინფორმაციები მივაწოდე, ამის შემდეგ საღი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ.
ქვეყანამ წააგო. ყველანი ვართ ამ დიდ საზოგადოებრივ სპექტაკლში - კოვიდი არ არსებობს, ჯანდაცვა ბრწყინავს, წამლები უიაფესია, განათლების დონე უმაღლესია. კარგი, დავიჯეროთ და ვიყოთ ასე, სანამ „გავქაჩავთ“.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ წავაგეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოიგო, ძალიან ცდება.
მთელმა ქვეყანამ, მარტო მთავრობამ კი არა, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ პანდემიასთან ომი წაგვეგო და ჩვენ წავაგეთ. მოგებაც უნდა ვაღიაროთ და წაგებაც. ვაღიარებ - წავაგეთ.
მე ყველაფერი გავაკეთე, რომ არ ვყოფილიყავით იქ, სადაც ახლა ვართ, მაგრამ რას ვიზამთ. აღმოჩნდა, რომ საღი აზრი საქართველოში პოპულარული არ არის.
მაგრამ ყველა იმპერია ერთ მშვენიერ დღესაც ინგრევა, ყველა წაგების შემდეგ არის მოგება. მაინც მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე მოვიგებთ.
ამჯერად კი გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ. დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით.
მე ბნელს პირში ვეუბნები, რომ ბნელია. ჩემგან არც პოლიტიკოსი გამოვა და არც რეალობის შემლამაზებელი „საბჭოთა“ექიმი. მე ვარ თანამედროვე სპეციალისტი, რომელსაც მინდა, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე მედიცინა, მაგრამ ეტყობა, ჯერ ადრეა.
ამიერიდან ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და საინტერესო პროექტებზე.
მოუფრთხილდით თავს, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.