დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ყველა არ ხდება ავად, ზოგს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, ზოგს კი შეძენილი,” - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსით ყველა ადამიანი არ ავადდება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს კოვიდ 19-ის მიმართ თანდაყოლილი, ზოგს კი შეძენილი იმუნიტეტი აქვს:
„ყველა არ ხდება ავად, ეს ფენომენი უნდა გვახსოვდეს. პირველი პაციენტები რომ შემოდიოდნენ, ჩვენთან მოხვდნენ ცოლ-ქმარი და კიდევ რელიგიური წყვილი, რომლებიც ირანში იყვნენ მოსალოცად. მორწმუნეებიდან ერთმა არ დატოვა მეორე, ცოლ-ქმართანაც იგივე მოხდა. ახალდაქორწინებული წყვილი იყო და ვაჟმა არ დატოვა ცოლი. მათ პალატაში ერთად გაატარეს 3 კვირა ისე, რომ არ დაინფიცირებულა ქმარი და ერთ-ერთი მორწმუნე. მეტი ახლო კონტაქტი რაღა გინდათ. ერთად იყვნენ, ერთად ეძინათ. ზოგს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, ზოგს კი შეძენილი. რომ ამბობენ „გავცივდი,“ 15-20 %-ს სინამდვილეში კორონავირუსი აქვს, სხვა ტიპის კორონავირუსი. ვარაუდობენ, რომ სხვა ტიპის კორონავირუსმა ჯვარედინი იმუნიტეტის გამომუშავება გამოიწვია. ასევე ვარაუდობდნენ, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა იცავს ადამიანს კორონავირუსისგან. ეს ვერ დამტკიცა, მაგრამ არც უარყოფილია.“
თენგიზ ცერცვაძე სახლში მყოფ პაციენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს:
„სახლში მყოფ პაციენტებს ვეტყვი, რომ უნდა იყვნენ მშვიდად. რადგან სასწრაფო დახმარების ექიმმა გადაწყვიტა, რომ პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ე.ი. ის მართლა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მას არ უნდა ჰქონდეს შიშის საფუძველი, რომ იფიქროს: „აი, ადგილი არ იყო, თორემ წამიყვანდნენ და შეიძლება რაიმე დამემართოს.“ ბინაზე დარჩენილ პაციენტს არ სჭირდება რაიმე მედიკამენტის დანიშვნა კოვიდის გამო. მან უნდა მიიღოს მხოლოდ სიცხის დამწევი, ისიც, თუ ტემპერატურა 38-ზე მეტია. მან უნდა მიიღოს დღეში 3 ლიტრამდე სითხე, რომლის მინიმუმ ნახევარი სუფთა წყალი უნდა იყოს. მან უნდა იმოძრაოს ბევრი, მიიღოს ვიტამინი D, C და თუთია. სხვა მედიკამენტები კოვიდის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. მან უნდა გააგრძელოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება, რომლებსაც მანამდეც იღებდა. განსაკუთრებით სახლში დარჩენილმა პაციენტმა არ უნდა მიიღოს დექსამეტაზონი და ჰორმონები.“
„ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ნოემბერი იქნება ყველაზე მძიმე თვე. ნოემბრის განმავლობაში იქნება მატება, თუ არ შევცვალეთ ჩვენი მენტალიტეტი, ფსიქოლოგია და არ გადავედით ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. ჩემი აზრით, დეკემბრიდან, ახალი წლიდან დაიწყება კლება. ჯერ არ არის მეორე ტალღის პიკი. პიკი იქნება დაახლოებით ნოემბრის ბოლოს. მე მკურნალი ექიმი ვარ და ჩემი გონება გამუდმებით მკურნალობის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ამჯერად არა. ჩემი მთავარი სათქმელი იქნება: დაიცავით ელემენტარული რეგულაციები. გაიკეთეთ პირბადე აუცილებლად დახურულ და ღია სივრცეშიც, დაიცავით სოციალური დისტანცია, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, ხშირად დაიბანეთ ან გაისტერილეთ ხელები. ამით თქვენ, თავად რომ არ იცით ისე, გადაარჩენთ თქვენი ახლობლების სიცოცხლეს, რომელიც, შესაძლოა, იმსხვერპლოს კოვიდმა. თქვენ გადაარჩენთ ადამიანებს დაავადებისგან, მათ ნაწილს კი სიკვდილისგანაც, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.