„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
როდემდე გაგრძელდება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა?
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ იძლევიან:
,,დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ამდენი შეზღუდვის მოხსნა არ არის სასურველი, თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და მას შემდეგ უნდა მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, დღის წესრიგში ეს საკითხიც დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.