Baby Bag

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  13 მარტიდან შემოვა

„საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.“ - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა, რომელიც მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. იუნისეფის ჩართულობით მიღწეულ იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულად 43 200 დოზის მოწოდებაზე. ვაქცინა იმ არსებული პროტოკოლით გადანაწილდება, რომელიც შემუშავებულია ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის მიერ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელთან.

„გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან, ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან ორი მიმართულებით - ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესში ასევე ჩართულია გერმანიის მთვარობაც.

„ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობაც, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „იუნისეფს“, რომელიც საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების პროცესში ინტენსიურად არის ჩართული.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

ვაქცინირებული პირებისთვის როდის არის დასაშვები შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე, კარანტინის და...
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ შეზღუდვების შესახებ წერს, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის კვლავ ძალაში რჩება.„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 მარტს განაახლა რეკომენდაციები...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად