Baby Bag

კითხვები, რომლებიც ვაქცინაციამდე უნდა დაისვას - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები

კითხვები, რომლებიც ვაქცინაციამდე უნდა დაისვას - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები
ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული, რომლებიც ამერიკაში მოღვაწეობენ, საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტს აქვეყნებენ, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შემოგვეთავაზებინა სპეციალური რჩევა-რეკომენდაცია.

მოგეხსენებათ, მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ასეთი იყო მაგალითად 2001 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა. ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები.

საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კორონა-პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად.

ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს.

მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ქართულ მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გარკვეული კავშირი ჰქონდა თრომბოზულ გართულებასთან, რაც თავისთავად იძლევა მითქმა-მოთქმისა და ვაქცინაციის მიმართ შიშის საფუძველს. ამ შემთხვევის ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება საქართველოსათვის, რადგან სწორად გაკეთებული ექსპერტ-ანალიზი და დასკვნები პოტენციურად არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნის.

მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.

პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:
• ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი
• შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია
• „C“ პროტეინის დეფიციტი
• „S“ პროტეინის დეფიციტი
• ანტითრომბინის დეფიციტი
• ავთვისებიანი სიმსივნეები
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია
• ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
• იმობილიზაცია
ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:

1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?

2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)

3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?

4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?

5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).

6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)

7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია,'' - აღნიშნავენ ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი“

„აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი“

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

​​„ექიმი უპირველესად ნიშნავს ნდობას და პროფესიონალიზმს. ნდობა არაა, რომ ექიმი პიროვნულად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ნდობა ნიშნავს, რომ იმდენად ხარ დარწმუნებული ექიმის პროფესიონალიზმში, საკუთარი სახელისთვის მინიმალური ჩრდილის მიყენებაზე ფიქრის გარეშე გეტყვის სიმართლეს, მოგცემს პროფესიულ რჩევას, გაგიშვებს სხვა ექიმთან, თუკი ეს საჭიროა.

​მოკლედ, ექიმის სიტყვას და ნააზრევს, მის დანიშნულებას და რჩევას თუ არ ენდე, მაშინ ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მოხელეობაა.

გასალაშინებას პროფესიონალიზმი უნდა, მაგრამ, ნდობა არაა აუცილებელი.

​​მაშინ, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და სტადიონებზე საათობით ისხდნენ ბახუსში მყოფი, მოყვირალი და მომღერალი ათიათასობით ფანი ერთმანეთის გევრდიგვერდ, ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ და შენ, ექიმმა, არც მსოფლიო ჯანდაცვას, არც ფიფას, არც იმ სახელმწიფოებს მიმართე და მისწერე შენი პროტესტი, არც კი დააფიქსირე მაშინ აღშფოთება და შენი სასოწარკვეთა, და დღეს კი მოითხოვ 11 ადამიანი არ შეიკრიბოსო, არა ხარ სანდო ექიმი. მე პირადად, როგორც პაციენტი, ვერ გენდობი.

​პოპულიზმი და ყურადღების უმთავრესიდან სხვაზე გაფანტვაა შენი სტეიტმენტი.

​​ექიმი მიუკერძოებელიცაა და ჰუმანურიც, არაა ჰომოფობი და არ აკეთებს რაღაცა ნიშნით ადამიანთა დემონიზაციას, არა აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონი ადამიანზე.

​მაგალითად, სიგარეტის მწეველს არ ეუბნება, აბა რა გეგონა რომ ეწეოდი, ეს არ დაგემართებოდაო?

​და ამგვარი მომენტი ბევრია მედიცინაში.

​ასეთი ექიმი, რაც გინდა პროფესიონალი იყოს, როგორც ქირურგი თუ ონკოლოგი ძნელი სანდობია იმიტომ, რომ უკვე განწირული ყავხარ როგორც პაცენტი, წინასწარ.

​ყველამ ვიცით, რომ ანტივაქსერი და აცრილი ერთმანეთთან კოლიდირებაში, დაპირისპირებაში ჯანმრთელობის მხრივ არასოდეს არ მოდიან ამ კონკრეტული ინფექციის დროს. ანტივაქსერი აცრილს ვერაფრით ვერ ავნებს. აცრილი ანტივაქსერს ვერაფრით ვერ დაეხმარება. ეს ფაქტია და ეს იცის, ეს დარწმუნებით იცის ყველა ექიმმა, მედიცინის სტუდენტმა, უბრალოდ ნაკითხმა ადამიანმა. და ეს იცის იმ ხალხმაც, რომელთაც მიმართავ ექიმი.

​ყველამ იცის, რომ - „ანტივაქსერების იმედზე ვართ დარჩენილი“ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, უბრალოდ ტყუილია.

​თანაც, ეს ბოროტი ტყუილია, გამთიშავი ტყუილია, ადამიანებს ტაბურეტკებით და ხელკეტებით რომ დააწყებინებს ანტვაქსერების ძებნას, აი ისეთი ტყუილია.

​პოპულისტური და უბრალოდ ექიმის ხალათისათვის შეუფერებელი სიბინძურის ტყუილია.

აცრა კორონაზე არის ინდივიდუალური დაცვა.
აცრილი ვერაფრით ვერ ჩაერთვება ჯოგური იმუნიტეტის შექმნაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კორონა გადატანილი ადამიანია.
აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აცრილების მიმართ იგივე მოპყრობა, როგორც კორონაგადატანილების მიმართ არასწორია და აცრილიც ისევე უნდა დაიტესტოს, როგორც აუცრელი.
ეს სამწუხაროა, ეს არაპოპულარული გამოთქმაა, ეს ბევრს გააბრაზებს, მაგრამ სამედიცინო ასპექტით ეს ფაქტია.
აცრილი ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც აუცრელი და აქ არავითარი უპირატესობა არ არსებობს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის თვალსაზრისით.

აცრილი ადამიანი აცრით საკუთარ თავს იცავს არა ვირუსისგან, არამედ მძიმე დაავადებისაგან.

აუცრელი ადამიანი შეგნებულად თუ შიშით ამას არ აკეთებს და ხდება იმ დაახლოებით 5%-ში მძიმედ ავად.

​15%-დან 20%-მდე სიმპტომიანია და ეს ადამიანები აუცილებლად ექიმის რჩევას მოიძებნიან.
ეს დატვირთვაა ექიმისთვის.

ესაა ფაქტი და რეალობა.
ექიმმა ან უნდა თქვა რეალობა და ფაქტი, ან უნდა გაჩუმდე და ინტერპრეტაციებთან, ვარაუდებთან, შავ-თეთრ ოცნებებთან მარტო უნდა დარჩე.

აუცრელი პაციენტი ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.
სამაგიეროდ, კი ის 80%-დან 85%-მდე აუცრელი და ვირუსგადატანილი პაციენტი იწვევს ჯანდაცვის სისტემის განტვირთვას, ის არასოდეს შეაწუხებს ექიმს კორონას გამო.

​​ესაა ფაქტი და რეალობა.
თუკი გვსურს ამ თემის საზოგადოებისთვის პრეზენტაცია, მართალია არასწორი თემაა, მაგრამ რეალობაა და რაღაცით გამართლებულია ამაზე საუბარი, დადუმებას ვერავის მოსთხოვ.

ესეც ფაქტია.

​ასევე ფაქტი და რეალობაა საქართველოს პირობებში და საქართველოს კლინიკებში ის, რომ კოვიდიანი პაციენტის მოვლაში არავითარი დადებითი განვითარება არ შეიმჩნევა.

მაშინ, როცა დასავლური სახელმწიფოები მართვით სუნთაქვაზე აყვანილთა რიცხვს 70%-ით ამცირებენ, საქართველოში და იზოლირებულად ეს რიცხვი იზრდება და იზრდება.
პაციენტთა მართვით სუნთქვაზე აყვანა ხდება სქემატურად, პაუშალურად, შაბლონურად.
არადა, ყველამ ვიცით, რომ თუკი სხვა დაავადებათა დროს ნაადრევი ინტუბაცია კარგ შედეგს იძლევა, პაციენტი ისვენებს, სტრესი ეხსნება, ასე არაა კორონას დროს. ნაადრევად მართვით სუნთქვაზე აყვანილი პაციენტი იღუპება.

იმ 750-მა ექიმმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სიტყვებს - „ანტივაქსერების იმედად დავრჩითო“, დასხდნენ ერთად ონლაინ კონფერენციაზე და ისაუბრეს პაციენტის მართვაზე?

​თუკი ასეა, ჩემი უდიდესი ბოდიში და რესპექტი, თუმცა, ადამიანების ჯგუფის დემონიზაცია ექიმისათვის შეუფერებელი მაინც რჩება.

საქართველოს კლინიკებისთვის პრობლემატური რჩება პაციენტის თანამიმდევრული და ეტაპობროივი მოვლა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებს და ლაბორატორიულ მონაცემებს პერმანენტულად უსადაგებ ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას.

არაინდივიდუალური და ზედმატად სტანდარტიზირებული მიდგომა მძიმე კოვიდის დროს კიდევ უფრო ამძიმებს.
თანამდევ დაავადებებზე თუ ინფექციებზე გვერდის ავლა ამძიმებს.
სისხლის და სხვა სითხეების მიკრობიოლოგიური ანალიზის და რეზისტოგრამის არჩატარება ამძიმებს.
ნულ ეოზინოფილზე სტეროიდის უანტიბიოტიკოდ მიცემა აძლიერებს თანაინფექციას და ამძიმებს.
პროკალციტონინის არგანსაზღვრა ამძიმებს.
ფილტვის კტ-ს ქულებით აზროვნება და იმაზე არ დაფიქრება, იქნებ სითხე, იქნებ ანთება, იქნებ ჰემორაგია, იქნებ ჰიპერსეკრეცია, იქნებ ბრონქის ჩაკეტვა და ასე შემდეგ მრავალი იქნებანის არ გათვალისწინება, ამაზე არ დაფიქრება, რაა ამ კტს „ქულების“ გამომწვევი აი, ამაზე არ დაფიქრება უბრალოდ კი არ ამძიმებს, არამედ კლავს.

აი, ესაა ექიმებისთვის საერთო სადისკუსიო. კლინიკების ჰიგიენაა სადისკუსიო.
პერსონალის ტესტირებაა სადისკუსიო და ტესტების დამაჯერებლობა.
კოვიდიანი მსუბუქსიმპტომიანი პაციენტების მართვაა სადისკუსიო, აი ეს პრობლემა ამძიმებს და ინტესიურამდე აიძულებს ადამიანს.
მძიმე პაციენტების კლინიკაში ჰიგიენაა სადისკუსიო, ისევ და ისევ რომ ერთ ოთახში არის რამდენიმე პაციენტი.
მართვით სუნთქვაზე აყვანილების ჰიგიენაა სადისკუსიო.
ერთ ოთახში თავმოყრილი კოვიდიანების პრობლემაა სადისკუსიო.
გერმანიაში უკვე სასკოლო ოთახებში დადგეს ანტიაეროზოლური ფილტრები.
კოვიდიანი პაციენტის ყველა პალატაშია ამგვარი საქართველოში???
აი ესაა სადისკუსიო,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.



წაიკითხეთ სრულად