,,ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,'' - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ,,კომენდანტის საათი'':
,,მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში. ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე – საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;
საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილ უნდა იყოს აქტიური ტესტირება;
ეპიდევითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში;
კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, - დასძინა გიორგი ღიბრაძემ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)