Baby Bag

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთ​ელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით“ - ზურა ბალანჩივაძის ძმასაც Covid-19 დაუდგინდა

„ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით“ - ზურა ბალანჩივაძის ძმასაც Covid-19 დაუდგინდა

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ წამ­ყვანის ზუ­რა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ძმასაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს:

„ესეც ასე, ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით საღამოს. ფილტვებში ანთება არ აღენიშნება, თუმცა სისხლის საერთო ანალისზში ოდნავი ცვლილებები აქვს და ალბათ მალე დაუწყებენ ანტიბიოტიკის გადასხმას.

​ორივეს დე-დიმერი გვაქვს მომატებული (სისხლის შედედების მაჩვენებელი) და მუცელში დაგვარჭვეს პატარა ნემსი და ის-ის იყო, უნდა მეყვირა, ექთანმა, მორჩაო. მოკლედ, უადვილესი ნემსია. 😊

​მე სიცხე ისევ 37 - 37,2 მაქვს, არადა, დილით არ მქონდა. ცოტა ავნერვიულდი, რაღა დაგიმალოთ. მაგრამ ნუ ჰო, მე-7 დღეა და საყურადღებო სტადიაში ვარ. კიდევ ხვალ და ზეგ და მერე გავლილი მექნება. თუმცა, როცა ამ ყველაფერს უბრალო სიმპტომებად ვუყურებ, ვაცნობიერებ, რომ რეალურად არც-თუ ისე ცუდად ვარ და მაინც წარმავალია ეს კორონა. ასეთნაირი მიდგომა მშველის ნამდვილად.

​ჰო, ზურგზე წოლას მოერიდეთო. მუცელზე ან გვერდულად იძინეთ და პოზებიც შეძლებისდაგვარად მალ-მალე იცვალეთო. თურმე არ ყოფილა ასეთ დროს კარგი ფილტვებზე მთელი სხეულით დაწოლა. დიდად არ მიყვარს მუცელზე წოლა, მაგრამ ახლა ეგ რა მოსატანია.

​საერთო ჯამში, ირაკლიც და მეც შევთანხმდით, რომ თუკი ასე გამოვძვრებით, ჩავთვლით, რომ იღბლიანები ვართ. ისე კი ყველაფერს თავისი პლუსი აქვს: ხელების სანიტაიზერით ხეხვა აღარ გვიწევს. 😃

​აუ, ჰო, ძალიან საყვარელი სანიტრები არიან. ექთნებიც ძალიან ყურადღებიანები - ოღონდ რამე გვთხოვეო. ექიმები ყოველთვის ცდილობენ, გაიგონ რაიმე ახალი ხომ არ გვაწუხებს და თუ რამე, დაუყოვნებლივ დაკავშირებას გვთხოვენ. მოკლედ, კარგად გვივლიან და ალბათ, ახლა ყველაზე სწორ და უსაფრთხო ადგილას ვართ.

​ჯანმრთელობა ყველას!“ - წერს ზურა ბალანჩივაძე.

წაიკითხეთ სრულად