არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’
კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ორსულ ქალბატონებს განსაკუთრებული სიფთხილისკენ მოუწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. როგორ უნდა შევუქმნათ მათ ნაკლებად სტრესული გარემო, რომ მარტივად გაუმკლადნენ პანდემიას, აღნიშნულის შესახებ MomsEdu.geფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილს ესაუბრა:
„ორსულ ადამიანს ორმაგი სტრესი და პასუხისმგებლობა აქვს, რადგან მას საკუთართან ერთად, ნაყოფის ჯანმრთელობაზეც უწევს ფიქრი, ამასთან, ის ორმაგად ბრძოლისუნარიანია. სწორედ ამიტომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ორსული შეძლებს ამ ვირუსთან გამკლავებას. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას ორსული ადამიანის წინაშე, ვალდებულები ვართ, მოვარიდოთ ნეგატიურ განწყობას, მუდმივად არ ვესაუბროთ იმაზე რომ, მეტად ფრთხილად უნდა იყოს, არ დავძაბოთ და სტრესში არ ვამყოფოთ ამის გამო. მივანდოთ მას საკუთარი თავი, რადგან ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც. აუცილებელია, ორსულებმა სტრესის მოხსნის მიზნით, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, დღეში ერთხელ ცოტა ხნით მაინც გავიდნენ სუფთა ჰაერზე, უახლოეს სკვერში, ბუნებაში, სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებენ. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ,“- აღნიშნავს მედიკო ოქროაშვილი.