არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აიკრძალოს, პირველ რიგში, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები“
„წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.
„მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი, ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს, შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ ამისათვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)