არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს. თუ არ არის უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვი - 15 წლის ზემოთ და არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბავშვებში არის ე.წ. მულტიანთებითი სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 4, 6, 8 კვირის შემდეგ. ეს არის უფრო მძიმე დაავადება და საჭიროა ამ პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა. მეტ-ნაკლებად კორონავირუსგადატანილ პაციენტებთან იყო რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები გართულებული, ძირითადად, ამ ბავშვებს დაუტოვა ლორწოვანის გაღიზიანებული პრობლემები, ე.წ. ცხვირიდან გადანადენის ანუ პოსტნაზალური წვეთის სინდრომი და ღამის ხველა. ეს ხველები გახანგრძლივებდა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ესეც ნელ-ნელა თავისით ალაგდება, ზოგ შემთხვევაში მკურნალობასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში მკურნალობის გარეშე. ამიტომ ამის დიფერენცირება არის საჭირო - პოსტ-კოვიდი ბავშვებში არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მძიმე გართულება ერთ-ერთი მულტისისტემური, ოღონდ იშვიათი, დაახლოებით 0,1-0,2% შემთხვევაში,“ - აღნიშნა პედიატრა თემურ მიქელაძემ.