არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... მაგრამ გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან დღეს, თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე, როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.