არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„სამწუხაროდ, ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა,“ - გიორგი კამკამიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კამკამიძემ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სანდოობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინები, რომლებსაც ჩვენთან მომავალში შემოიტანენ და რომელიც უკვე შემოსულია, მაღალი სანდოობით გამოირჩევა:
„რატომ „ასტრაზენეკას,“ „ფაიზერის,“ „ნოვავაქსის“ ვაქცინები და არა რუსული ან ჩინური ვაქცინები?! რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით არ გაჩენილა ასეთი შეკითხვები, ასეთი შემოწმებები არ ჩატარებულა. ამ ვაქცინის ფართო გამოყენება მოხდა ამ კვლევებისა და გამოძიებების გარეშე. აქ მიკროსკოპის ქვეშ ხდება ვაქცინაციის პროცესის დაკვირვება. ასეთი შეჩერებები იყო აქამდეც, ეს პირველი არ არის. შეჩერება მოხდა, რათა გამოიკვლიონ ყველა ის თეორიული შანსიც კი, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლის რისკთან.“
გიორგი კამკამიძის თქმით, ევროპაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება ცუდად დაემთხვა საქართველოში ვაქცინაციის დასაწყისს:
„სამწუხაროდ, ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. უკვე ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს შედარებით ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა. ამ ვაქცინებს არ აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღემატება სხვა ადრე არსებულ კლასიკურ ვაქცინებთან არსებულ გვერდით ეფექტებს. სამწუხაროდ, თუ ერთხელ გაფუჭდა და ჩავარდა ვაქცინაციის კამპანია, მერე მისი უკან შემობრუნება ძალიან ძნელია. ეს გვაჩვენა ჩვენ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩავარდნამ. 2013 წელს იყო ახალი შემთხვევები და სიკვდილობის შემთხვევები ბავშვებში, ზუსტად იმის გამო, რომ ჩავარდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანია.“
„უნდა ვენდოთ ზუსტად იმ ვაქცინებს, რომლებიც გადის ასეთ გამოკვლევებს და შემოწმებებს და არა იმ ვაქცინებს, რომლებსაც უნდა ვენდოთ ბრმად. ალერგიის თვასაზრისით წინააღმდეგ ჩვენებად მიიჩნევა პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია. დანარჩენ შემთხვევებში არ არის ისეთი წინააღმდეგ ჩვენებები, რომ ალერგიულ პაციენტებს არ ენიშნებათ. რაც შეეხება თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებულ შემთხვევებს, ისინი არ აღემატება გენერალურ პოპულაციაში არსებულ შემთხვევებს. არ არსებობს რაიმე ფუნდამენტური კავშირი ამ ორ ფენომენს შორის,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.