Baby Bag

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

ენათ­მეც­ნი­ე­რმა მა­რი­ნე ბე­რი­ძემ კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდს უძღვნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.

...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...

იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!

სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე _ თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები _ უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს _ არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა _ ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან _ გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა.

ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. _ არ შემიძლია! _ მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! _ ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? _ ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! _ვაგიფა! _ ვყვირი მთელი ხმით _ ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. _არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? _ გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). _ არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა _ მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. _ ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! _ ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. _ ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს,. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!

...

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...

აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანაებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.

...

მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.

მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.

მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

,,2000-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანულენოვან ქვეყნებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი „ტკიპათი“ გამოწვეული ენცეფალიტის, ე.წ. „ადრეზაფხულის ენცეფალიტის“ ელიმინაციაზე, აღმოფხვრაზე.

ისევე როგორც ჩუტყვავილა, წითელა, აი, ასე უნდოდათ ამ ენცეფალიტის ამოძირკვა, რომელიც განსაკუთრებით 40 წლის გარშემო ასაკის და ბუნების მოყვარულ, ბუნებაში მოსეირნე ადამიანებს უჩნდებათ ამ „ტკიპას“ კბენის შემდეგ.

2015 წელს გამოქვეყნდა ავსტრიის დიდი კვლევა ამ გამომწვევზე.
მანამ კი, ავსტრიამ სამაგალითოდ აცრა თითქმის ყველა ასაცრელი და აცრის მაჩვენებელი იყო 85%.

ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 30-ჯერ შემცირდა, თუმცა, ვერც წითელასა და ჩუტყვავილას ქვოტებს ვერ მიაღწია.

​ეს კვლევა მაშინ ამ სახელით გამოქვეყნდა - „Frühsommer-Meningo-Enzephalitis (FSME) und FSME-Schutzimpfung in Österreich: Update 2014“.

​აი ესაა სუმარული, დასკვნითი აზრი და მესიჯი ამ კვლევისა:

​ციტატა:

​„ავსტრიის წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგად შესაძლებელი გახდა ენცეფალიტის გაკონტროლება. უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიური ავადმყოფობის რაოდენობა 50-დან 100-მდეა.

​ვაქცინაციის პროცენტი მოსახლეობაში 85-ია.

​ენცეფალიტისათვის, ისევე როგორც ტეტანუსისათვის, მოქმედებს დაავადების კონტროლის, დაავადების ელიმინირების პრინციპი. გამომწვევის ელიმინირება, მისი მოსპობა შეუძლებელია. აცრას გააჩნია მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, მაგრამ არა ჯოგური, კოლექტიური იმუნიტეტი.
„Durch die erfolgreiche österreichische Impfstrategie konnte die FSME weitgehend unter Kontrolle gebracht werden. Seit vielen Jahren gibt es 50 bis 100 Erkrankungsfälle pro Jahr.
Die Durchimpfungsrate der Bevölkerung liegt derzeit bei 85%.
Für die FSME gilt, wie bei Tetanus, das Prinzip der Krankheitskontrolle bzw. Krankheitseliminierung: Der Erreger kann nicht ausgerottet werden und die Impfung bewirkt einen Individualschutz, aber keine Herdenimmunität.
„TBE is a public health problem well under control in Austria because of a mass vaccination programme. There have been 50–100 registered cases per year for many years, the vaccination rate of the population is currently 85%.
For TBE applies the same as for Tetanus, namely the principle of disease control or disease elimination: The virus cannot be eliminated and vaccination provides individual protection.“
არის დაავადებები და გამომწვევები, როცა აცრას საკმაოდ კარგი ჯგუფური, კოლექტიური იმუნიტეტი აქვს. ამგვარი აცრებია ე.წ. დასუსტებული ვირუსით ან მკვდარი ვირუსით აცრები. ამგვარი აცრების დროს ორგანიზმი ინფიცირდება ძალიან სუსტად და ხდება ამ გზით, ანუ ინფექციის მსუბუქი ფორმით გადატანის გზით, იმუნიზირება. ეს კი ადამიანს ახალი ინფექციისაგან იცავს და ამით პროფიტაბელური, მომგებიანია მისი თანამოქალაქისათვისაც, რამეთუ ინფექციის გადაცემისა და გავრცელების ჯაჭვი წყდება.
ეს პროცესი ხდება კორონას თუ ადრეზაფხულის ენცეფალიტის დროს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს.
ეს ენცეფალიტის ვაქცინაც ითვლება „მკვდარ ვაქცინად“ ოღონდაც, არ მოქმედებს ისე, როგორც სხვა მკვდარი ვაქცინები. ეს რეალობაა და სანამ რაიმე უფრო ეფექტური არ იქნება, გვიწევს თანაცხოვრება.
ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია.
ჯერ ერთი და კი ითვლება ბაიონტექ ფაიზერის აცრა და მოდერნა „მკვდარ აცრად“, მაგრამ, ყველამ იცის, რომ ეს არაა მკვდარი ვირუსიდან დამზადებული აცრა, არამედ მოდელირებულია და დიზაინირებულია, რნმ ვაქცინაა.
ვექტორული ვაქცინებიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს.
ამიტომაც, კორონას შემთხვევაში აცრა რჩება ინდივიდუალურ დაცვად, მძიმე ავადმყოფობისაგან დაცვად და არა ინფექციის გამომწვევის მიღებისაგან დაცვად.
ერთადერთი ჯგუფი, ვინც ამ ინფექციის მიღებისაგან დაცულია და ჯერჯერობით, ამ განვლილი 18 თვის მანძილზე დაცულად რჩება 99,84%-ის ალბათობით, ესაა ვირუსგადატანილი და არამძიმედ სხვა დაავადებებით დაავადებული ადამიანი.
აი, ესაა ჯგუფური იმუნიტეტისათვის მნიშვნელოვანი რგოლი და ასეთი ყველა ქვეყანაში თითქმის, სადღაც 5%-დან 8%-მდეა.
ამიტომაც, როცა ვამბობთ, რომ „კორონას დროს კოლექტიური იმუნიტეტი არ მოქმედებსო“ უნდა დავამატოთ, არ მოქმედებს იმიტომ, რომ აცრა არ გიცავს ინფექციის მიღებისაგან და ამიტომაც არ გააჩნია რაიმე ეფექტი კოლექტიურ იმუნიტეტზე. აცრა გიცავს ინდივიდუალურად და პიროვნულად.
აცრილი არის დაახლოებით 80%-დან 90%-მდე უფრო დაცული მძიმე დაავადებისაგან, ვიდრე აუცრელი. აცრილი აუცრელს ბევრად ვერაფრით არგებს და აუცრელი აცრილს ვერაფერს ვერ ავნებს.
აუცრელი ვნებს ჯანდაცვის სისტემას, ასუსტებს მის ინტაქტურობას და ბოჭავს სამედიცინო პერსონალს, თუკი მძიმე ფორმით დაავადდა.
ამიტომაა აუცილებელი მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა სწორი მართვა და არა აქციონიზმი, არა იზოლატორებში ჯგუფად შერეკვა სადღაც სასტუმროებში, არამედ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო.
აცრილი ნაკლებადაა ავად, ხანმოკლედაა ავად და ამით რგებს საკუთარ თავსაც და ჯანდაცვის სისტემასაც. აი, ესაა ფქტები.
მე მესმის, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა:
ისრაელი
ავსტრალია
ტაივანი
ახალი ზელანდია
და ალბათ ჩინეთიც, თუმცა ჯერ არ გაუმხელია ასე აშკარად, გადაწყვიტეს ვირუსის მოსპობა, ელიმინირება, გაქრობა. ახლო მომავალში ეს შეუძლებლად მიმაჩნია, ამაზე მზერის გაყინვა და ამ თემის გაფეტიშება, ამ თემის ყველაფრის საზომად აღზევება მიმაჩნია ადამიანის წინაშე დანაშაულად.
ისრაელს რომ ქვეყანა იმუნიზირებული ეგონა და ახალი ინფექციები როცა დადგინდა, იქ 40%-ზე მეტი უკვე ორჯერ აცრილი ადამიანი იყო ავადმყოფთა შორის. მათ მოახერხეს ასე დაბალი სიკვდილიანობის მიღწევა ოპტიმალურად ავადმყოფის მოვლით.
ამ 18 თვის პანდემიის მერე, როგორმე ხომ უნდა შეიგნონ განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომელთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის 50%-დან 60%-ს კორონათი გარდაცვლილი შეადგენს, რომ უმთავრესია დაავადებისა და მძიმე შემთხვევების მართვა.
არაა გამოსავალი, რომ „ავიყვანე მართვით სუნთქვაზე და მეტი რა ვქნაო“. არასწორია ასე საქმის გამარტივება. ამ პრობლემას არა გამარტივება, არამედ მარტივ მამრავლებად დაშლა და თითოეულ კომპონენტზე რეაგირება უნდა. არ არსებობს ერთი იდეალური და უნივერსალური მიდგომა თუ გამოსავალი, აი, ეს უნდა შევიგნოთ ყველამ ერთად. ექიმმაც და უბრალო მოქალაქემაც და ხელისუფალმაც.
უნდა დადგინდეს კლინიკებში ჰიგიენის და პაციენტის მართვის სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა შემოწმდეს.
უნდა დადგინდეს დიაგნოსტიკის სტანდარტები და არა ისე, გააკეთე ტესტი, დადებითია, კორონაა, მიუწერე ფილტვს რაღაცა ქულები და მერე მიაწვები სტეროიდებს და ჟანგბადის მიცემას ისე, რომ სხვა კვლევას არ ატარებ, არ ფიქრობ სხვაზე.
არ შეიძლება ადამიანი აიყვანო ინტუბაციაზე და არ იფიქრო მისი იმ სიტუაციიდან გამოყვანის გზაზე. ინტუბაცია მარტივი გზაა, დააძინე, ჩართე აპარატი, ასუნთქე და მიეცი რემდესევირი და კორტიზონი. არაა ასე მარტივი და კლავს ასეთი გამარტივება,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.


წაიკითხეთ სრულად