Baby Bag

„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა“ - იაგო ფრანგიშვილი

„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა“ - იაგო ფრანგიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების არასწორი მართვის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

„​ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კტ, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის. არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა.

ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს, რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა?

კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა.
რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.
რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და „ფილტვია დაზიანებულიო“ და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ, რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი, ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო.
დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?
არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.
არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება.
80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა.
ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.
ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.
ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის. აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო.
არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას.
გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კი არა მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტენტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.
ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული, უმკურნალებ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად, ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.
ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა, დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით.
ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც. არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი - არა. ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი - არა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთ​ელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად