Baby Bag

,,ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა, ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან''

,,ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა, ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან''

დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი ვაქცინაციის შესახებ წერს. მისი თქმით, ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა, ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან:

,,მე დავიბადე 1939 წელს. სულ ორი წლისა ვიყავი, როცა იმ დროს ევროპასა და ამერიკას მოდებული სენი – პოლიო დამემართა, რომელიც ზოგს ჰკლავდა, ზოგს ინდობდა და ზოგსაც სამუდამოდ უტოვებდა თავის წარუხოცელ კვალს. ორიოდ კუნთის ატროფიით მე მესამე კატეგორიაში მოვხვდი. ჩემზე ნაკლებად იღბლიანი გამოდგა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი. 39 წლისა, იგი პოლიომ სამუდამოდ ჩასვა ეტლში ორივე ფეხის პარალიზით. მისი პოლიტიკური კარიერისთვის, მართალია, ამას ხელი არ შეუშლია – ამერიკელმა ხალხმა რუზველტი ოთხჯერ აირჩია პრეზიდენტად – თუმცა, თავად, როგორც ცნობილია, თავის მდგომარეობას ძალიან მწვავედ განიცდიდა. ეტლში მჯდომი ფოტოსურათის გადაღებაზე უარს ამბობდა.

მე არასდროს ვყოფილვარ რამის პრეზიდენტი, და მაინც საკუთარი ცხოვრებით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. თუმცა, რომ არა პოლიო, ბევრ სურვილს ავისრულებდი. ფეხბურთის თამაშისას კარში კი არ ვიდგებოდი. თავდამსხმელი ვიქნებოდი და გოლებს გავიტანდი. ბაკურიანში ციგით კი არ ჩამოვეშვებოდი კოხტაგორიდან, თხილამურებზე შემდგარი ელეგანტურად ჩამოვსრიალდებოდი ყველას დასანახად. საცეკვაოდ გოგოებს ჩქარ ცეკვებზეც მოვიპატიჟებდი და არა მხოლოდ ე. წ. „ინტიმურ ბლუზებზე.“

რა მოხდებოდა ჯონას სალკს პოლიოს ვაქცინა არა 1955, არამედ ოცი წლით ადრე, 1935 წელს რომ შეექმნა. რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს, დაკოჭლებას, კიდურების გახევებას ან რაიმე სხვა სახის დასახიჩრებას. რამდენი ადამიანი იცხოვრებდა უფრო სრულფასოვნად, უფრო მხიარულად.

ვაქცინაციის წყალობით, დღეს პოლიო პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა რამდენიმე „აფეთქება“ ოცდამეერთე საუკუნემაც იხილა. ნიგერიაში გავრცელდა ხმა, რომ პოლიოს ვაქცინა დასავლეთის მიერაა „შემოგდებული“ იმისათვის, რომ „ჩვენი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდეს“. მშობლები უარს ამბობდნენ ბავშვების ვაქცინაციაზე, რასაც მოჰყვა პოლიოს ახალი კერების გაჩენა მთელს ქვეყანაში და ყველა ის უბედურება, რომელიც ამ ცბიერ დაავადებას თან სდევს.

ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამხობელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში. ანტივაქსერებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებს. ზოგი რელიგიურ მიზეზს ასახელებს, ზოგი ეთიკურს, ზოგი ჰიგიენურს და ზოგიც, წარმოიდგინეთ, პოლიტიკურს. მართალია, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ მისი დადებითი ეფექტი მრავალგზის აღემატება მის მიერ გამოწვეულ შესაძლო უხერხულობას.

ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა. მალე საქართველო მიიღებს (პოსტის დაწერის დროს საქართველოში არ იყო ვაქცინები) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს. ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან. ისინი, ვინც ყველაფერში, რაც ამ ქვეყნად ხდება, ცუდი თუ კარგი, კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულ, კაცთმოძულე ბოროტ ძალთა ხრიკებს ხედავენ,'' - აღნიშნავს გელა ჩარკვიანი. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ​ავრცელებს.

მათივე ცნობით, გოგონების მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

„გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად