ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„მინდა, ზუსტად ავხსნა, რა ხდება, რომ არასწორი ინფორმაცია არ ჰქონდეს ხალხს,“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკულ კონკურსში გამარჯვების შესახებ
მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც მან ამერიკის „ნიჭიერში“ გაიმარჯვა:
„იმდენი ვარიანტი გავრცელდა ამ პროექტის შესახებ, რომ მინდა, ზუსტად ავხსნა, რა ხდება, რომ არასწორი ინფორმაცია არ ჰქონდეს ხალხს. ერთი თვის წინ მივიღე ოქროს ღილაკი კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერში.“ გუშინ იყო ფინალი, სადაც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. კიდევ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ გამარჯვებული მიიღებდა მონაწილეობას ამერიკულ „ნიჭიერში,“ არც ეს არ არის ნამდვილი.“
ალექსანდრე ზაზარაშვილის თქმით, ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტიდან მიწვევის მოლოდინშია:
„ამერიკაში არის ასეთი პროექტი „American Idol,“ რომელიც ნიჭიერია, მაგრამ მხოლოდ მომღერლებისთვის არის გათვლილი. იქ დასაქმებული ერთ-ერთი ადამიანი შემეხმიანა, რომელიც ახლა აღარ მუშაობს ამ პროექტში, მაგრამ მისი მეგობრები არიან იქ. მან ვიდეო გადამიღო და გადაუგზავნა ჩემი ვიდეო კონკურსიდან თავის მეგობრებს. ისინი ძალიან დაინტერესდნენ. გამოართვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და წუთი წუთზე ველოდებით მიწვევას „American Idol“-ში.“
„ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა დასასწრებად სხვადასხვა ქალაქიდან 3-4 საათის სავალ გზებზე. ჩემმა დამ ჩაიწერა ჩემი გამარჯვების დროს ოჯახის წევრების ემოციები. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურე, მე თვითონ მოვკვდი ტირილით. იმხელა ემოციები ჰქონდათ, რომ მეც ვერ გავუძელი ემოციებს,” - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.