ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან
არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან - აღნიშნულის შესახებ ბრძანება ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსცა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული,
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, ელექტრონულად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესს.
2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე ვრცელდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“.
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაცია, ელექტრონულად იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ხოლო მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია – ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. ოპერატორი ვალდებულია, თამაშობაში მონაწილეობის მისაღებად საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს მხოლოდ ამ წესის (ელექტრონულად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის შემთხვევაში) შესაბამისად იდენტიფიცირებულ და ვერიფიცირებულ პირებთან.
5. ამ წესისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას, ხოლო ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.