ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„მწვანე პასპორტის აზრია უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან,“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მწვანე პასპორტების დანერგვის მიზნების შესახებ ისაუბრა:
„მწვანე პასპორტის აზრი:
- აცრა (3 დოზა)
- გადატანილი ინფექცია (180 დღე)
ამ ორ შემთხვევაში 10-11X მცირდება კოვიდით გარდაცვალების რისკი
- ტესტირებით (PCR, ანტიგენი) დახურულ სივრცეში აუცრელის და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია და შესაბამისად სიკვდილის. შესაბამისად მწვანე პასპორტის აზრია უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან.
ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ ეთადერთი შანსია მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით!!!“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.