Baby Bag

,,აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი?''

,,აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი?''

აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს ​MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.

და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?

რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?

პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.

ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.

ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.

ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთ​ელობა

რატომ დაიკეტა სრულად ვაქცინირებული ისრაელი ისევ? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი
რატომ დაიკეტა სრულად ვაქცინირებული ისრაელი ისევ? - კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს. ნახეთ ვიდეო ☝️ წყარო: ​Zoom განათლებაზე 
„როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპ...
​პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში ფილტვის დაზიანების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდს არამხოლოდ ფილტვის, არამედ ნებისმიერი ორგანოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - უახლესი კვლევები

​მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგებიან. ამ კუთხით ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან 90 დღის განმავლობაში ადამიანების 20 %-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები უვლინდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის​ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს უმეტესად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ინსომნია აწუხებთ. მკვლევარების მტკიცებით, კოვიდ-19 ზრდის დემენციის განვითარების რისკებს.

მეცნიერები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებენ და მედიკოსებს ურჩევენ სასწრაფოდ გამოძებნონ პრევენციის გზები და სამკურნალო საშუალებები განკურნებული პაციენტების დასახმარებლად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 000 -ზე მეტ განკურნებულ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან პირველი სამი თვის მანძილზე ყოველი 5 განკურნებული პაციენტიდან ერთს შფოთვა და დეპრესია აღენიშნება. აღნიშნული სამი თვის განმავლობაში სხვა ადამიანებთან შედარებით კოვიდ-19-ისგან განკურნებულებს ორჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზს.

​კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების 65%-ით მეტი რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

​მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე. ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკსაც ზრდის.

ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ით დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ, ლონდონის კინგსის კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. კოვიდ-19 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ის ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მომზადებულია​ voanews.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად