აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„ქინდერის“ საეჭვო პარტიები საქართველოში - სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
სურსათის ეროვნული სააგენტოს იფნორმაციით „ქინდერის“ საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით სააგენტომ ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ახალი შეტყობინება მიიღო:
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ქინდერის“ საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით ახალი შეტყობინება მიიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.
„საგანგაშო შეტყობინებაზე“ თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს “ბიდი კომპანის” მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი: 1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER, პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ. პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ. პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ. 2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ. 3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE, პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ. პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ. პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ. პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ. პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.
ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.“