ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად ამ ზაფხულს? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სად წავიყვანოთ ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად, რამდენი ხნით გავასეირნოთ გარეთ და რა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო ინგა, სად წავიყვანოთ ზაფხულში ბავშვები დასასვენებლად? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს?
- მე პირადად, მოვერიდებოდი ბავშვის ზღვაზე წაყვანას, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს ვირუსი წყლით. მშობლებს ვურჩევ, რომ დასასვენებლად წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც ქალაქისგან მოშორებით, რეკრეაციულ გარემოში გაიყვანენ ბავშვს სასეირნოდ. შესაძლებელია, ეს იყოს აგარაკი, სოფელი ან მთიანი რეგიონი, ხოლო ზღვაზე წასვლისგან თავი შეიკავონ.
- გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? დღის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით გავასეირნოთ ბავშვები?
- აუცილებელია, ბავშვი გავიყვანოთ გარეთ, რადგან სახლში, იზოლაციაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა, გავლენა მოახდინა ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. D ვიტამინის გამომუშავების მიზნით, სასურველია, ბავშვი დილის საათებში - 10-დან 12-მდე და საღამოს 5-დან 7-მდე პერიოდში გავიყვანოთ გარეთ ნახევარ-ნახევარი საათით. ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცირება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვი ზედაპირთან შეხებას, რადგან ზუსტი კვლევა არ არსებობს, ჩერდება თუ არა ვირუსი ზედაპირზე. თუ მაინც შეეხო ბავშვი ზედაპირს, დაუყოვნებლივ უნდა დავუმუშავოთ ხელები. რაც შეეხება თავდაცვის სხვა საშუალებებს, 3 წლამდე ბავშვისთვის ნიღბის ტარება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან, პირველ რიგში, მას სუნთქვა უჭირს და ამასთანავე, ხშირად ცდილობს, ხელი წაიღოს ცხვირ-ტუჩის არისკენ, რაც დაინფიცირების შანსებს ზრდის.
- რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?
- შედარებით უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ თხოვნა მექნება მშობლებთან, მოვერიდოთ სტუმრობას, მეგობრებთან სიარულს და თავშეყრის ადგილებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ნებისმიერ ეპიდემიას გააჩნია თავისი ტალღები. მეორე და მესამე ტალღა რომ არ წამოვიდეს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. არ უნდა ვაკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩის არეში, ვასწავლოთ მათ საპნით ხელების სრულფასოვნად დაბანა, რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან და უბრალოდ ხელებს ისველებენ.