ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან
ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილ პანიკას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვთ:
„რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.
ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.
მოკლედ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც. ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.
იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები... ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.
პანიკამ და სოც. ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არდაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza, იგივე გრიპი სჭირდა (წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.
ასეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.
აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი - სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს),“ - წერს დავით მათიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.