ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გრიპის, გაციებისა და კოვიდის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხველისა და ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გავიკეთოთ კოვიდ-19-ის ტესტი:
„ყველა შემთხვევაში, როდესაც იქნება დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ხველის თუ ტემპერატურის სახით, დაუყოვნებლივ გავიკეთოთ ტესტი. ზოგჯერ ადამიანი იტარებს ტესტირებას, ჰგონია, რომ კოვიდი აქვს, მაგრამ კოვიდი არ უდგინდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შეიძლება უბრალოდ გაციებულია ადამიანი და ჰგონია, რომ კოვიდი აქვს. გაციება ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზოფარინგიტი. ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ეძახიან თავის გაციებას. მას აქვს ოთხი ძალიან ტიპური ნიშანი: ცემინება, კუნთების ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი. ცემინება სავიზიტო ბარათია გაციებისა. ჩვენ ნაკლებად გვხვდება ცემინება გრიპის დროს და კიდევ უფრო ნაკლებად კოვიდის დროს. თუ ვიღაც აცემინებს, დიდი ალბათობით, ის გაციებულია.“
გიორგი ღოღობერიძემ გაციებისთვის იშვიათად დამახასიათებელი ნიშნებიც დაასახელა:
„იშვიათი ნიშნებია გაციების: თავის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურა იშვიათად იმატებს, ყურებში ზეწოლა, გემოს და სუნის დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს გაციებას. რაც სულ არ გვხვდება გაციების დროს, ეს არის: ქოშინი, ანუ სუნთქვის გაძნელება და ფაღარათი. თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე ან გრიპზე. გრიპი გაციებისგან განსხვავებით ბევრად აგრესიულია. უეცრად დაარტყამს ადამიანს და მაშინვე მაღალი ტემპერატურით დაიწყება. გრიპს ახასიათებს მთელი სხეულის ტკივილი, დაღლილობის ძალიან მძიმე განცდა აქვს, მშრალი ხველა და თავის ტკივილი.“
„გაციების შემთხვევაში მართვა არის ძალიან მარტივი. როგორც კი ჩვენ გვექნება კონტაქტი ვინმე გაციებულთან, პირველი რასაც ვაკეთებთ, ხელს ვიბანთ. გაციებული ადამიანი სულ ცხვირზე იკიდებს ხელს, რომ სურდო აქვს. ჩვენ ხელს რომ ვართმევთ, სულ სახეზე ვიკიდებთ ხელს. თუ ადამიანს აქვს ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობა, შეუძლია გამოიყენოს იბუპროფენი. რაც კარგად მუშაობს გაციების დროს, ეს არის თუთია. თუთიის მიღება უნდა მოხდეს, როგორც კი ადამიანს გაციების ნიშნები ექნება პირველ 24 საათში. დოზა უნდა იყოს 50-დან 75 მილიგრამამდე. C ვიტამინი ცოტათი ასუსტებს გაციების ნიშნებს, მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. გრიპის დროს არ შეიძლება ასპირინის გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.