Baby Bag

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით - ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია''

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით - ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ წერს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით, ცხადია ჩემი ცოდნის და შესაძლებლობების ფარგლებში...

1. ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია; ოდნავ ლოგიკას თუ მოიშველიებთ, დიდი პასტერობა და კოხობა არ უნდა იმის გააზრებას, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანში გადადის ცხვირ-ხახის გამონაყოფიდან- ნერწყვი, გამოყოფილი სეკრეტი. ანუ ვირუსი იქ უნდა იყოს ამავე გზის შემოსული და ცემინებით, კოცნით, საუბრისას ნერწყვით, დახველებით მოხვდეს მეორე ადამიანის ცხვირ-პირის მიდამოში. ვაქცინა კი კეთდება კუნთში. მკვდარი ვაქცინა როგორ უნდა გამრავლდეს? თანაც ისე, რომ ნერწყვში და სეკრეტებში გაჯერდეს! უკვე მხოლოდ ფილტვებში არსებული ვირუსიც კი აღარაა დიდი ალბათობით გადამდები, არათუ ვაქცინა.

2. ,,ვაქცინა გაიკეთა და მაინც დაავადდა"..კი ბატონო, ასეც ხდება. ის კი არა, ძალიან ბევრი გვყავს ხელმეორედ გადატანილები. გვყავს ექიმიც, რომელიც ორჯერ დაავადდა და შუაში ვაქცინირებულიც იყო! რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ვაქცინაციას აზრი არა აქვს? მსოფლიო სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამბობს და ეს გამონაკლისები სწორედ ზოგადად კანონზომიერებას ამტკიცებს: "აცრილების დაავადების ალბათობა 80%-ით მცირდება, ხოლო სიკვდილობა, სრულყოფილი ვაქცინაციისას - 99 -100% -ით!"

3.,,დიდი ხნით ერთიდაიგივე პირბადის ხმარება უფრო სახიფათოა, ვიდრე უპირბადეობა!".. რა თქმა უნდა, ჯობია ცვალოთ პირბადე. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ მუდამ ერთი და იგივე მხრივ. პირბადე სახეს მუდმივად ეხება და დაბინძურებისას არის საფრთხე, სხვა მიკრობებმა დაიბუდნონ და გამოიწვიონ კანის დაავადებები. დავიმახსოვროთ: პირბადის მთავარი დანიშნულება კოვიდის წინააღმდეგ არის როგორც ჩვენი ნერწყვის და ცხვირის გამონადენების მექანიკური შეკავება, რომ სხვას არ გადავდოთ, ასევე სხვის მიერ "გამოსროლილი" იგივე ნაწილაკებისგან მექანიკური დაცვა.

4. არაა სწორი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბევრი სითხის მიღება სასარგებლოა. დამძიმებული ფორმების შემთხვევაში - კი პირიქით, არაფრით არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება! შეიძლება გამოიწვიოს შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ფილტვების დაზიანების გამო.

5. ,,ვერ ხერხდება დროული დახმარების გაწევა, იგვიანებს კვლევის პასუხები, ძალიან ბევრი ხალხი და ზოგჯერ უკონტროლობაა კოვიდიან პაციენტთა კვლევებისას, აცრების დროს და ა.შ. თუ კარგი პატრონი არ გყავს და არ ,,იჩალიჩე", კლინიკაში ვერ მოხვდები!"

.... სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მართალია.. ძალიან არ გვყოფნის პერსონალი, რესურსები, ადგილები..

6. წინა თეზიდან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ეს ყველაფერი ჩვენ კლინიკაში შეგემთხვათ. პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს - ვინც გვიკავშირდება და ამავე დროს, ყველა ჩვენ მოქალაქეს: გთხოვთ იყოთ შემწყნარებელი ჩვენს მიმართ, სამედიცინო მუშაკების მიმართ. ძალიან მძიმე სურათს ვუყურებთ ყოველდღე. აუტანელია იმის შეგრძნება, რომ ვერ ეხმარები ადამიანს, თვალსა და ხელს შუა ილევა პიროვნება. იწურება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის რესურსები. ბევრ რამეს, მათ შორის იმ ხუმრობას, რასაც ადრე სიცილით ვიღებდი მეგობრებისგან- საშინელ გაღიზიანებას იწვევს. გუშინ საღამოს ვესაუბრე ჩემს კოლეგას, რომლის ყველაზე დიდი იმედი მაქვს ამ დაავადებასთან ბრძოლაში- ალბათ ძალიან ბევრსაც. თითქმის ტირილით მიპასუხა "ახლა სახლში ვზივარ, მარტო და რაიმე ალკოჰოლური თუ არ მივიღე, გული გამისკდებაო". ძალიან მოწესრიგებული ქალბატონია და საერთოდ არასდროს დაულევია! რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, იმდენად უშიშარია, რომ თოფიან ფირალს ჩამოიღებს ცხენიდან!... ახლა საშინლად დათრგუნვილი იყო.. დავუყვავე და ,,რა ვქნა, საშინელი ნაკადია, ყველა მიმძიმდება და ვერ ვშველიო!" .., რა თქმა უნდა, ასე არაა, ეჩვენება გადაძაბულობის გამო - ერთეულების გარდა, ყველანი გაჯანმრთელებული უბრუნდებიან ოჯახებს. სასწაულად მძიმე, თითქმის უიმედო შემთხვევები გამოვტაცეთ ახლახანს სიკვდილს, მაგრამ გონებაში მარცხი უფრო დიდხანს ილექება და ფსიქიკას წამლავს...

თავს არ გაცოდებთ, ისევ თქვენ და ჩვენ ქვეყანას რომ კარგად გამოვადგეთ, ცოტა დაგვზოგეთ...'' - აღნიშნავს დავით გადელია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ დავუშვებთ, რომ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ'' - ეკატერინე დგებუაძე

,,არ დავუშვებთ, რომ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ'' - ეკატერინე დგებუაძე

რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება? - აღნიშნულ კითხვაზე ,,იმედის დილის'' ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა. მისი თქმით, სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს აიძულონ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულები, ამისთვის მაქსიმალური გაკეთდება. 

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს ვაიძულოთ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულები, ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიურ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე არ შემიძლია გადავჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება, თუმცა თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ,“ - დასძინა ეკატერინე დგებუაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება გუშინ შევიდა. 

ბრძანებაში აისახა გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა.

„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ბრძანება

რაც შეეხება ანაზღაურებას, არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად ​მიიღებენ

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


წაიკითხეთ სრულად