Baby Bag

ინფორმაცია, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში

ინფორმაცია, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში

ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მათ პოსტს:

​„ინფორმაცია, რომელიც ამ მოკლე გზამკვლევშია მოწოდებული, არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა ფორმატით, მაგრამ სამწუხაროდ, არ წყდება წერილების უსასრულო ჯაჭვი, რომლებშიც პანიკაში მყოფი ადამიანები დაჟინებით ითხოვენ პასუხებს ერთი და იმავე შეკითხვებზე. ვითვალისწინებთ რა საქართველოში არსებულ ამჟამინდელ კრიტიკულ სიტუაციას, გადატვირთულ ჯანდაცვის სექტორს და დღეების განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე დარჩენილი პაციენტების ინტერესებს, ჩვენ, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ მაქსიმალურად მარტივი ენით დაწერილ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში. იმედია, ამ მოკლე გზამკვლევს ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებიც გამოიყენებენ და გაითვალისწინებენ.

კოვიდ ინფექციის სიმპტომების გამოვლინებისას, ან ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში ქცევის წესები:
კოვიდ-19-ის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდი შეიძლება დაიწყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების კომპლექსით, ან უკვე არსებული ქრონიკული პრობლემების უეცარი გამწვავებით.
კოვიდ-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომებია:

  • გემოს და ყნოსვის ნაწილობრივ დაქვეითება, სრული გაქრობა ან გაუკუღმართება (როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი სპეციფიკური სუნი ან გემო აქვს, მაგალითად, დამპალი ხორცის, დამწვარი რეზინის და ა.შ.). ეს ორი სიმპტომი ყველაზე სპეციფიკურია.
  • ცხელება, შემცივნება, კანკალი;
  • გონების დაბინდვა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ძლიერი ზოგადი სისუსტე;
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
  • სხეულის კუნთების ტკივილი (ხშირად უმძიმესი);
  • ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ან ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; ი) სურდო (დელტა ვარიანტს ეს განსაკუთრებით ახასიათებს);
  • ხველება, სუნთქვის გაძნელება;
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას გამოხატული დაავადების სხვადასხვა პერიოდში. არ არის აუცილებელი რამდენიმე ან ყველა სიმპტომის ერთდროული გამოვლინება.
კოვიდ-19-ზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში და თანდართული რომელიმე, თუნდაც ძალიან მსუბუქად გამოხატული სიმპტომის გამოვლინებისას.
თვითშეფასება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას, მკურნალობას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!
თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ; აუცილებელია იზოლაცია (ქართული ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით 12 დღით).
რას გულისხმობს იზოლაცია? - თუ ოჯახის წევრებისგან განცალკევებულ საცხოვრებელში ვერ ახერხებთ გადასვლას, ეცადეთ მათთან (ერთდროულად) საერთო სივრცით არ ისარგებლოთ. თქვენი ოთახიდან გამოსვლისას ატარეთ ორმაგი ნიღაბი. თუ საშუალება გაქვთ ცალკე საცხოვრებელში იყოთ, ეს იდეალური გამოსავალი იქნება.
დაიწყეთ სიმპტომების ყოველდღიური აღწერა. აწარმოეთ კოვიდ დღიურები. კოვიდ დღიურები საშუალებას იძლევა ექიმმა მაღალი სიზუსტით შეაფასოს დაავადების დინამიკაში მიმდინარეობა და სწორად განსაზღვროს ის პერიოდები, როცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, მკურნალობის დაწყება ან ჰოსპიტალიზაცია.

კოვიდ დღიურებისათვის საჭირო ინფორმაციების ჩამონათვალი:
1. ჩაინიშნეთ პირველი სიმპტომების გამოვლინების და დადებითი ტესტის დადასტურების დღე;
2. ტემპერატურის მრუდი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ ტემპერატურა და მოინიშნეთ დღიურში დროსთან ერთად.
3. სისხლში ჟანგბადის შემცველობა (სატურაცია). სასურველია, იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. სხვა მეთოდებით დააკვირდებით სასუნთქ სისტემას.
4. გულისცემის სიხშირე. პულსის გაზომვა, ერთი წუთის განმავლობაში. 

ამას ასევე შეძლებთ პულსოქსიმეტრით ან ელექტრონული წნევის საზომი აპარატით.
5. სუნთქვის სიხშირე - ამ ინფორმაციის მიღებას ერთ წუთში გულმკერდის სუნთქვითი მოძრაობის აღრიცხვით, ან საკუთარ ჩასუნთქვის სიხშირეზე ყურადღებით დაკვირვებით შეძლებთ. თუ თავად ვერ ახერხებთ, დახმარება შეიძლება მეგობრებს სთხოვოთ. საუკეთესო საშუალებაა ვიდეოზარი მეგობართან. საუბარი განყენებულ თემაზე საშუალებას მოგცემთ დაავადებულის ყურადღება სხვაგან მიმართოთ და მოსმენისას მის გულმკერდის მოძრაობებზე დაკვირვებით წუთში სუნთქვის სიხშირე აღრიცხოთ.
6. აღრიცხეთ ყოველი ახალი სიმპტომი.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. პირველ რიგში, აუცილებელია ზედმიწევნით კარგად შეაფასოთ თქვენი საწყისი მდგომარეობა, რათა ათვლის წერტილიდან მინიმალური გადახრის დაფიქსირება ადვილად მოახერხოთ. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება დროულად მიმართეთ ექიმს.
რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?
  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
  • შეუძლოთ ყოფნის გამო ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს და საკვებს.
  • გონების დაბინდვა.
  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
  • სუნთქვის გამოხატულად პროგრესირებადი უკმარისობა.
რესპირატორული უკმარისობა და სხვა სასიგნალო სიმპტომები:
  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი და იწვევს ქოშინს; ანუ ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში). მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის გახშირება წუთში 24 ჩასუნთქვაზე მეტი დაავადების პროგრესირების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია ოთახის ჰაერზე, <92%-ზე (მუდმივად), ან <95%-ზე, მაგრამ მას თან ახლავს სუნთქვის სიხშირის მყარი მომატება, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში. მაღალი ტემპერატურის ფონზე გულის აჩქარება მოსალოდნელია, მაგრამ არ უნდა დარჩეს იგივე ტემპერატურის ნორმალურ ფარგლებში დაბრუნებისას.
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.
  • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ იღებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).

​მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

​რისკის კრიტერიუმები:
  • ორსულობა;
  • ასაკი (> 65 წელზე);
  • მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლები;
  • იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორებიცაა: შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები: როგორიცაა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათიები
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • სიმსუქნე;
  • დიაბეტი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;
  • სისხლის დაავადებები როგორიცაა ნამგლისებური ანემია;
  • ორგანოგადანერგილი პაციენტები.

​რისკის ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს კოვიდ-19-ის რთული ფორმებით გარანტირებულ მიმდინარეობას. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გართულებების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არანაირი რისკის ფაქტორი არ აღენიშნებათ. არამიზნობრივი მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია ამ ჯგუფში განსაკუთრებით საშიშია! სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მდგომარეობის დეტალური აღწერა და კონტროლი.
კოვიდ-19-ის არამედიკამენტოზური მკურნალობის პრინციპები.
უპირველესი ოქროს წესია საზოგადოებისგან, ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან იზოლაცია. იზოლაციის წესების დარღვევა კლავს!

​იზოლაციაში უსაფრთხოდ ყოფნის მთავარი წესებია; ბევრი მოძრაობა, სიმშვიდე და პროფესიონალური ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
კოვიდს ახასიათებს ძლიერი სისუსტე, დეპრესიული განწყობა და ხასიათის ცვლილებები. მიუხედავად განწყობის არქონისა, შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაოთ. მოძრაობა გართულებების თავის აცილების საუკეთესო გარანტიაა.
რეგულარულად, აგრესიულად ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა!
ფილტვის ვარჯიშის უმარტივეს გზას დღეში რამდენჯერმე ბუშტების გაბერვა წარმოადგენს. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.
იმოძრავეთ, რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია! მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
იძინეთ საკმარისად. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ენერგიის აღდგენაში. თუ სიმსუქნე არ გიშლით ხელს, ეცადეთ იძინოთ პირჩაღმა.
იკვებეთ მაქსიმალურად სრულფასოვნად!

​როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქონდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ ერთმანეთს კართან დაუტოვოთ. კონტაქტი უპირობოდ უნდა იყოს დისტანციის წესების უმკაცრესი დაცვით!
ცხელების; კუნთების, სახსრების და თავის ტკივილის მართვა შეიძლება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით.
ხველის რეფლექსის დათრგუნვა აუცილებელი არ არის, თუ ის სერიოზულ დისკომფორტს არ გიქმნით.
დიაბეტით დაავადებულებმა ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა. დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქციეთ და თავიდან აიცილეთ მათი გამწვავება.
მედიკამენტოზური მკურნალობა:
არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!
ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).
გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!!
ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.
სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით ნანახი იქნა მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად! მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. სტეროიდების ნაადრევი გამოყენება დააქვეითებს იმუნურ პასუხს და ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს ინფექციასთან ბროძოლაში. ასევე, სტეროიდების არამიზნობრივი გამოყენება შეიცავს რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საშიშროებას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარებას!
ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე!
კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.
ივერმექტინი არ გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ არც ევროპული არც ამერიკული გაიდლაინების თანახმად!
თეორიულად მას გააჩნია ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ამ ეფექტის განსახორციელებლად საჭიროა მისი გამოყენება დაშვებულ თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზით. ასეთი დოზა კი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია! ივერმექტინის არამიზნობრივად, არათერაპიული დოზებით გამოყენება სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
დღესდღეობით არ არსებობს არცერთი სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, სახლში დარჩენილ პაციენტებში გამოიყენება. გარდა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილისა, რაც საქართველოში სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის.
ვიტამინები. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს „ც“ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი და არაპირდაპირი მტკიცებულება „დ“ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით; თუმცა მას კოვიდ სიკვდილიანობაზე გავლენა არ აქვს!
არ შეშინდეთ! პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებებში არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას აუცილებელი არ არის.
ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს?
  • პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გამოხატული და დინამიკაში დამძიმებული);
  • ლეთარგიის, ძილად მიგდების, გონების სრული დაბინდვის შემთხვევაში;
  • გამოხატული მწვავე კორონარული სიმპტომის ან გულის უკმარისობის დროს, თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას.
იზოლაციიდან გამოსვლის წესები:
  • ქართული გზამკვლევის თანახმად, 12 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან ან დადებითი პსრ ტესტის დაფიქსირებიდან, უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!
  • იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!
  • განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის!
ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ!
პატივისცემით,
P.S. ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტებშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!“ - აღნიშნულია ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის მიერ აღნიშულ ინფორმაციაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინფორმაცია covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც იუწყება მათი 95%-იანი ეფექტურობის თაობაზე, არის კარგად შეფუთული სტატისტიკური მონაცემების გაყალბება და მათით მანიპულირება“

„ინფორმაცია covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც იუწყება მათი 95%-იანი ეფექტურობის თაობაზე, არის კარგად შეფუთული სტატისტიკური მონაცემების გაყალბება და მათით მანიპულირება“
COVID-19 და ვაქცინა - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ​პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„გაფრთხილება!
პოსტი წარმოადგენს დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების სტატისტიკურ შეფასებას, კრიტიკულ ანალიზს (critical appraisal) და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისგან!

​გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასერიოზული ან საკითხის არცოდნით განპირობებული კომენტარების გაკეთებისგან.

​ჩვენ უკვე გავიგეთ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია COVID-19-ის 
რამდენიმე ვაქცინის შესახებ - რომ მათ აჩვენეს დაახლოებით 95%-იანი ეფექტურობა.

​რას ნიშნავს ეს?

​Pfizer ამბობს, რომ კვლევაში გამოვლინდა 170 covid-19-ის შემთხვევა (44 000 მონაწილეში) - საიდანაც 162 იყო პლაცებო ჯგუფში და 8 შემთხვევა ვაქცინის ჯგუფში.

​Moderna ამბობს, რომ 30 000 მონაწილეში გამოვლინდა 95 covid-19-ის შემთხვევა - 90 პლაცებოში და 5 შემთხვევა ვაქცინის ჯგუფში.

​საბოლოოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ორივე კომპანია ირწმუნება და გვამცნობს ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის შესახებ.

​მოდით შევაფასოთ:

​1. პირველ რიგში, შეფასებისთვის გამოყენებული აქვთ შედარებითი რისკის შემცირება (relative risk reduction - RRR) და არა აბსოლუტური რისკის შეფასება (absolute risk reduction - ARR), რომელიც 1%-ზე დაბალია.

​რას ნიშნავს ეს შეფასების კრიტერიუმები და რა განსხვავებაა მათ შორის?

​არის თუ არა კვლევის შედეგები კლინიკურად მნიშვნელოვანი?

​ამის შესაფასებლად გამოიყენება ARR და RRR.

​ARR - არის შესაძლო უარყოფითი გამოსავლის (adverse outcome) მაჩვენებელის შედარება კონტროლირებად და პლაცებო ჯგუფებს შორის.

​RRR - არის შესაძლო უარყოფითი გამოსავლის პროპორციული შედარება კონტროლირებად და პლაცებო ჯგუფებს შორის ორიგინალურ/ჩვეულებრივ გამოსავალთან.

​პირველადი გამოსავლის (ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი კვლევაში - primary outcome/endpoint) შეფასება უნდა მოხდეს ARR-ის გამოყენებით და არა RRR-ის, რადგან ამ შემთხვევაში უხეშად რომ ითქვას, ხდება კვლევის მონაცემების შეფუთვა ისე, რომ მიღებული რიცხვი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.

​მაგალითად ავიღოთ ჰიპოთეზური RCT კვლევა:

​შევადაროთ ახალი პრეპარატი პლაცებოს - დიაბეტიან ადამიანებში თირკმლის დაზიანების პრევენციის დასადგენად.

​Primary Outcome/პირველადი გამოსავალი - დიალიზის საჭიროება მკურნალობიდან 5 წლის ვადაზე.

​დავუშვათ საკონტროლო ჯგუფში 5 წლის ვადაზე დიალიზის საჭიროება საკონტროლო ჯგუფში (ანუ ჯგუფი, რომელიც იღებდა პრეპარატს) შეადგენდა - 3%-ს, ხოლო პლაცებო ჯგუფში - 4%

​ეს ნიშნავს, რომ - აბსოლუტური რისკის შემცირების მაჩვენებელი იყო:

​ARR - 4-3=1%. ეს ნიშნავს - პაციენტს უთხრა რომ მაგალითად ყოველდღე მიიღოს ძვირადღირებული მედიკამენტი რომლის მიღებით 5 წელიწადში მას დიალიზის საჭიროების ალბათობა შეუმცირდება 1%-ით. რა თქმა უნდა უმრავლესობა უარს იტყვის რადგან 1% ძალიან ცოტაა.

​მაგრამ თუ ამ მაჩვენებლებს შევაფასებთ შედარებითი რისკის შემცირების გამოყენებით - RRR

​RRR=ARR/უარყოფითი გამოსავალი საკონტროლო ჯგუფში ანუ RRR=0.04 - 0.03 / 0.04=0.25 ანუ ამ შემთხვევაში RRR=25%.

​რა გამოვიდა?

​პაციენტს იმის მაგივრად, რომ ARR-ის მაჩვენებლის მიხედვით ეუბნები, რომ 1%-ით მცირდება რისკი, RRR-ის მაჩვენებელზე დაყრდნობით ეუბნები, რომ რისკი მცირდება 25%-ით.

​რამხელა განსხვავებაა??

​არადა ეს 1%-ია რეალური მაჩვენებლი, რომელიც მნიშვნელოვანია და არა 25%.

​ამას ეწოდება სტატისტიკით მანიპულირება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს, პირველ რიგში, ექიმი, რომელიც ვერ ერკვევა ამ საკითხში და შესაბამისად, პაციენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ენდობა ექიმს.

​It's the absolute risk reduction that's important, not the relative risk reduction.

​დასკვნა: ARR - არის როგორც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, ხოლი RRR არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, მაგრამ ის არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.

​RRR-ის მონაცემებზე დაყრდნობით კვლევის მაჩვენებლის შეფასება არის მარტივი გზა ტყუილის „გასაპრავებლად“. ამას ეწოდება - data dreging.

​2. არსებული ვაქცინების კვლევების პირველად შედეგს (primary endpoint) წარმოადგენს დაავადების სირთულე და არა ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია - შეუძლია თუ არა მას გადაარჩინოს სიცოცხლე, ან შეუძლია თუ არა მას დაავადების პრევენცია ან არის თუ არა ის ეფექტური ადამიანთა მნიშვნელოვან ქვეჯგუფებში, მაგალითად ღრმა მოხუცებულებში.

​ეს ყველაფერი უცნობია.

​3. არსებული კვლევების შედეგები ვიცით, რომ გავლენას ახდენს ვაქცინაციის შემდგომ ახლო პერიოდზე. ჩვენ არ ვიცი არაფერი, თუ როგორ „ასრულებს საქმეს“ ვაქცინა 3, 6 ან 12 თვის პერიოდში.

​ამიტომ შეუძლებელია ამ ვაქცინების ეფექტურობის შედარება სხვა არსებულ ვაქცინების ეფექტურობასთან, მაგალითად ინფლუენზას (გრიპი) ვაქცინასთან.

​4. ბავშვებს, მოზარდებს (11-16 წელი) და იმუნოკომპრომიტირებულს (იმუნიტეტ დაქვეითებული) პირებს კვლევებში მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, თუ როგორ მუშაობს ან იმუშავებს ვაქცინა მოსახლეობის ამ მნიშვნელოვან ქვეჯგუფებში.

​აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ კვლევები სწავლობენ არასწორ პირველად გამოსავალს (primary endpoint).

​რეალურად ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს - უფრო მნიშვნელოვანი პირველადი გამოსავალი უნდა იყოს შესწავლილი, როგორებიცაა - მძიმე ინფექციის პრევენცია და ინფექციურობა (გადადება) მაღალი რისკის პოპულაციაში.

​5. საგანგაშოა შემდეგი ფაქტი:

​იმის მიუხედავად, რომ არსებობს რეგულაციური მექანიზმი ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად ორმაგი-ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევები ახლაც მიმდინარეობს, საგანაგშოა ის ფაქტი, რომ კვლევების სპონსორები უკვე ირწმუნებიან გამარჯვების შესახებ და რაც ყველაზე მეტად სახიფათოა აპირებენ კვლევების პროტოკოლის ცვლილებას.

​რას ნიშნავს კვლევის პროტოკოლის ცვლილება?

​Pfizer-მა უკვე გაუგზავნა წერილები კვლევის მონაწილეებს, სადაც განიხილავენ მონაწილეთა ჯვარედინ გადაადგილებას საკონტროლო და პლაცებო ჯგუფებს შორის.

​Pfizer has already sent trial participants a letter discussing “crossing over” from placebo to vaccine), and the FDA will now be under enormous pressure to rapidly authorize the vaccines.

​ანუ ეს ნიშნავს, რომ ელოდებიან ნებართვას FDA-გან, რომ არსებული ორმაგი-ბრმა პლაცებო-კონტორლირებადი კვლევა შეიცვალოს ე.წ. cross-over პროტოკოლით, რაც ნიშნავს იმას რომ კონტროლირებად და პლაცებო ჯგუფში მყოფი მონაწილეები გაცვლიან ადგილებს, ანუ ყველა მიიღებს ვაქცინას და ყველა მიიღებს პლაცებოს, უბრალოდ არ ეცოდინებათ როდის რა მიიღეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ბრმა კვლევა გახდება არა-ბრმა (unblinded).

​კომპანიების თქმით, ეს ეთიკური საკითხია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ვაქცინა - ეს ყველაფერი სიცილის მომგვრელია და რა თქმა უნდა, საგანგაშოა, ანუ სტანდარტული ბრმა, RCT კვლევა, რომელშიც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ ისედაც ნათელია მონაცემებით მანიპულირება, შეიცვლება cross-over კვლევის დიზაინით, რომელიც აღარ არის ბრმა.

​ეს კვლევის დიზაინი მონაწილეებს და მკვლევარებს აძლევს საშუალებას მიხვდნენ/გამოიცნონ რომელ ჯგუფში იმყოფებიან.

​ბრმა კვლევის დიზაინი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სუბიექტურ გამოსავალს (subjective endpoints), როგორიც არის სიმპტომური covid-19 და მაგალითად პოსტ-ინექციური ადგილიბრივი რეაქცია საკონტროლი და პლაცებო ჯგუფებს შორის.

​6. ნორმალურ მარილის ხსნართან შედარებით, რომელიც გამოიყენება პლაცებო ჯგუფში, ადრეული კვლევის შედეგები ცხადყოფენ, რომ სისტემური და ლოკალური გვერდითი ეფექტები ხშირია ვაქცინის ჯგუფში.

​მაგალითად, 
Pfizer-ის ერთ-ერთ კვლევაში ვაქცინირებულთა ნახევარზე მეტს განუვითარდა თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება.

​თუმცა დეტალური მონაცემები კვლავ უცნობია და არ არის გამოქვეყნებული.

​Moderna’s კვლევის მონაცემების პრესრილიზით (press release) - ვაქცინირებულთა 9%-მა აღნიშნა 3-ქულიანი მიალგია და 10%-მა 3-ქულიანი დაღლილობა.

​Pfizer’s მონაცემებით - 3.8%-მა აღნიშნა 3-ქულიანი დაღლილობა და 2%-მა 3-ქულიანი თავის ტკივილი.

​3 ქულა (Grade 3) - ნიშნავს რთულ გვერდით ეფექტს, რომელიც დღიურ აქტივობაზე აისახება.

​რა თქმა უნდა, მსუბუქი და საშუალო ხარისხის რეაქცია უფრო ხშირად ფიქსირდება.

​რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

​ამის მიხედვით შესაძლებელია მიხვედრა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი პოტენციური კვლევის დიაზანის ცვლილებამ, მაგალითად თუ covid-19-ის ვაქცინის არსებული ბრმა კვლევები გახდება არა-ბრმა:

​მოდით, გავაკეთოთ ანალიზი, თუ როგორი სიხშირით ხდება სიმპტომური ადამიანების გატესტვა არსებულ კვლევებში covid-19-ზე.

​ანალიზის გარეშე საეჭვო covid-19-ის შემთხვევა ვერ გახდება დადასტურებული შემთხვევა.

​გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის გარკვეული გვერდითი ეფექტები (თავის ტკივილის, კუნთების ტკივილი, სიცხე, შემცივნება) იდენტურია covid-19-ის სიმპტომებისა - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკონტროლო ჯგუფში არსებული მონაწილეების უფრო მეტი რაოდენობა გაიტესტება covid-19-ზე, ვიდრე პლაცებო ჯგუფში.

​ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილეს გატესტავენ, ვისაც სიმპტომი ექნება. არადა Moderna და Pfizer კვლევის პროტოკოლი ითვალისწინებს შემდეგს:

​ინსტრუქცია მკვლევარებს, რომ გამოიყენონ თავიანთი კლინიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად დაადგინონ, ვინ უნდა გატესტონ და ვინ არა.

​სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლევის პროტოკოლი არ ითვალისწინებს ყველა მონაწილის ტესტირებას.

​Moderna puts it this way:

​„It is important to note that some of the symptoms of COVID-19 overlap with solicited systemic ARs that are expected after vaccination with mRNA-1273 (eg, myalgia, headache, fever, and chills). During the first 7 days after vaccination, when these solicited ARs are common, Investigators should use their clinical judgement to decide if an NP swab should be collected.“

​როდესაც დაავადების სიმპტომები და ვაქცინის გვერდითი ეფექტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ემთხვევა, რის საფუძველზე შეიძლება მიიღოს მკვლევარმა, კლინიცისტმა გადაწყვეტილება ვინ გატეატოს და ვინ არა?

​ამის მიუხედავად, რატომ სთხოვენ მათ ამას კომპანიები?

​კვლევის სწორი დიზაინის და პროტოკოლის შემთხვევაში საჭიროა covid-19-ის ყველა შემთხვევის დაფიქსირება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ჯგუფში დაფიქსირდა ის (no ascertainment bias, or differential measurement error).

​თუ მკვლევარები საკონტროლო, ანუ ვაქცინის ჯგუფში არსებულ სიმპტომურ შემთხვევებს მიაწერენ ვაქცინის გვერდით ეფექტებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ გატესტონ მონაწილე, შესაბამისად covid-19-ის შემთხვევა არ იქნება აღრიცხული და ეს ზეგავლენას მოახდენს კვლევის შედეგზე.

​7. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს მედიკამენტების გამოყენება კვლევის ჯგუფებში.

​იქიდან გამომდინარე, რომ არც Pfizer-ს და არც Moderna-ს არ გამოუქვეყნებია არანაირი მონაცემები პრეპარატების გამოყენებაზე.

​აქედან გამომდინარე არ არსებობს ინფორმაცია, აქვთ თუ არა კვლევაში მონაწილე პაციენტებს ინსტრუქცია პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ.

​რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

​სიმპტომები, რომელსაც ვირუსი იწვევს - ტემპერატურის მატება ან ტკივილი, შესაძლებელია მართული იქნას სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით.

​თუ მონაწილეები ვაქცინის ჯგუფში იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს, მაგალითად, პროფილაქტიკურად უფრო ხშირად ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე პლაცებო ჯგუფში არსებული მონაწილეები, ამას შეუძლია განაპირობოს covid-19-ის სიმპტომების სუპრესია/შემცირება საკონტროლო ჯგუფში ინფექციის არსებობის შემთხვევაში.

​ეს ნიშნავს იმას, რომ საკონტროლო, ანუ ვაქცინის ჯგუფში შემცირდება covid-19-ის დადასტურების შემთხვევა, შემცირდება ტესტირების შემთხვევა და შესაბამისად, ეს ყველაფერი შეამცირებს დროს პირველადი გამოსავლის მისაღწევად, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ტყუილი (therefore reduced likelihood of meeting the primary endpoint).

​დღეისათვის გვაქვს მხოლოდ Johnson and Johnson-ის კვლევის პროტოკოლის ინფორმაცია, რომელიც მონაწილეებს აძლევს რეკომენდაცია მიიღონ აᲜთების საწინააღმდეგო არასტეროიდები ვაქცინის შემდგომი გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ:

​„Following administration of Ad26.COV2.S, fever, muscle aches and headache appear to be more common in younger adults and can be severe. For this reason, we recommend you take a fever reducer or pain reliever if symptoms appear after receiving the vaccination, or upon your study doctor’s recommendation.“

​ეს ფაქტი საგანგაშოა.

​დასკვნა: გამოქვეყნებული ინფორმაცია covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც იუწყება მათი 95%-იანი ეფექტურობის თაობაზე, არის კარგად შეფუთული სტატისტიკური მონაცემების გაყალბება და მათით მანიპულირება.

​ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მონაცემები და ეს მონაცემები უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

​გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამის შემდგომ არის გამართლებული.

​More data is needed. Only full transparency and rigorous scrutiny of the data will allow for informed decision making. The data must be made public,“ - აღნიშნულია ექიმ ზაზა თელიას პოსტში.
წაიკითხეთ სრულად