ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი თვლის, რომ ისტერიკას ბავშვები იმ ადამიანებთან აწყობენ, რომლებიც ბავშვის ქცევისადმი ზედმეტად ემოციურები არიან.
„თუ მამას ბავშვის ტირილზე ხელები უკანკალებს, მისი შვილი ისტერიკას ყოველთვის მას მოუწყობს. თუმცა ის ასე არ მოიქცევა დედასთან, რომელიც მის ყვირილსა და ტირილს ღიმილით ხვდება, შემდეგ ბავშვს ზურგს აქცევს და მიდის. როდესაც ბავშვს ისტერიკა ეწყება, არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ მას, რომ თქვენ ეს გაღელვებთ ან განერვიულებთ. შვილს უფლება არ მისცეთ, რომ თქვენთან ურთიერთობის მსგავსი ფორმა აირჩიოს. თუ ბავშვი ისტერიკის მოწყობით ერთხელ მაინც მიიღებს იმას, რაც სურს, ის ამ მეთოდს ყოველთვის გამოიყენებს,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.
ევგენი კომაროვსკის თქმით, ბებიები და ბაბუები ჯაჭვის სუსტ რგოლს წარმოადგენენ. ისინი ბავშვებს უარს ვერაფერზე ეუბნებიან და მათ სურვილებს ყოველთვის ასრულებენ.
„ბებია ჯაჭვის სუსტი რგოლია. ბავშვები მარტივად ხვდებიან, ვისი მართვა შეუძლიათ და ვისი - არა. ისინი სწრაფად სწავლობენ ქცევის რაციონლაურად შეცვლასაც. ბავშვი ისტერიკას ბებიას მოუწყობს, მაგრამ ასე არ მოიქცევა იმ ადამიანთან, რომელზეც გავლენის მოპოვებას ვერ ახერხებს. ყველაფერი იმით დასრულდება, რომ თქვენს შვილს ორი სახე ექნება: დამჯერი, როდესაც ის მშობლებთანაა და დაუმორჩილებელი, როდესაც ბებიას გვერდით არის,“ - აცხადებს ევგენი კომაროვსკი.
კომაროვსკის თქმით, ბავშვის ისტერიკების სიხშირე სრულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ მის ქცევაზე უფროსები.
„პატარები ისტერიკებს არასდროს უწყობენ ტელევიზორს ან კარადას, რადგან ისინი მისი ქცევისადმი მგრძნობიარეები არ არიან. ბავშვის ისტერიკა ყოველთვის კონკრეტული ადამიანისადმია მიმართული. თუ თქვენ ხედავთ, რომ ბავშვი ისტერიკის მოწყობას იწყებს, მისი თვალთახედვის არიდან უნდა გაქრეთ, თუ ის გაჩუმდება, მასთან მიდით, თუ კვლავ ტირილს დაიწყებს, ისევ დატოვეთ და ბავშვს მოშორდით. მას უნდა ჩამოუყალიბდეს მტკიცე აზრი, რომ თუ ისტერიკას მოაწყობს, მის მიმართ ყურადღებას არავინ გამოიჩენს, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებს, მისადმი ყველა სიყვარულით განეწყობა. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ადამიანი სხვა ძუძუმწოვრებისგან იმით განსხვავდება, რომ ის საკუთარი ინსტინქტების მართვას სწავლობს. თუ ბავშვთან სწორად მოიქცევით, დაუმორჩილებელი ბავშვის თემა დღის წესრიგს დატოვებს,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.
მომზადებულია Sputnik.by-ს მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად