Baby Bag

ჩაწერე პირადი ნომერი და გაიგე მოიგე თუ არა თანხა

ჩაწერე პირადი ნომერი და გაიგე მოიგე თუ არა თანხა
STOPCOVID ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ ერთხელ მაინც ვაქცინირებული. გათამაშებების ბილეთი ვაქცინირებულის NCDC-ის მიერ ელექტრონულად მინიჭებული უნიკალური კოდია. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიხცხვების გენერატორის საშუალებით). შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია "აიცერი და მოიგეს"-ს ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში.

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.


1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

16 დან - 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.

1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები. ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა.

შენიშვნა: საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 2021 წლის 13 სექტემბრამდე, უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლატარიაში "აიცერი და მოიგეში" მონაწილეობაზე, რაზედაც პირადი წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.


გამარჯვებულმა პირმა მოგების განაღდება უნდა მოითხოვოს შესაბამისი გათამაშების დღიდან (თარიღიდან როცა მან მოიგო ფულადი პრიზი) 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ლატარიის ორგანიზატორმა შეიძლება უარი თქვას პრიზის გაცემაზე, თუ მოგებულმა პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა თავისი მოთხოვნა ვერ წარადგინა აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული დროის განმავლობაში. 

შეამოწმე გათამაშების ​შედეგი. 

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

შეიძლება დაინტერესდეთ

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.
წაიკითხეთ სრულად