ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ და თანხები 1-15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ. მისივე თქმით, დახმარების მისაღებად ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.
„პირველ რიგში, შევიტან შესწორებას - 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.