Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის არ უნდა გაუკეთდეს აცრა? - ალერგოლოგი ბიძინა კოლუმბეგოვი

ბიძინა კოლუმბეგოვი „იმედის დღეში“ ვაქცინაციით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზე საუბრობს და განმარტავს, ვისთვის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება:

„მოდი, სწორად ჩამოვაყალიბოთ, ვის არ უნდა გაუკეთდეს აცრა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანაფილაქსიური რეაქციები ყველაზე იშვიათი არის სწორედ ვაქცინებზე. მილიონი დოზიდან მხოლოდ ერთი იწვევს მსგავს რეაქციას, ეს არის ძალიან მცირე სტატისტიკა. თუ ანაფილაქსია დაფიქსირდა, ვაქცინაცია წყდება ასეთ პაციენტთან. ​ალერგოლოგი მერე ეხმარება ოჯახს და მშობელს. შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, როდესაც ძაღლმა დაგიკბინათ ან კატამ გაგიკაწრათ ბავშვი და აუცილებლობის წინაშე დადექით, რომ ცოფის ვაქცინა გაუკეთოთ ბავშვს. თუ რაიმე ვაქცინაზე ბავშვს ჰქონდა ალერგიული რეაქცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ალერგოლოგის კონსულტაცია. თუ რეაქცია სხვა ვაქცინაზე იყო, ცოფის ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს, რა თქმა უნდა.“

ბიძინა კოლუმბეგოვის თქმით, ადამიანებს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე უვლინდებათ:

„ ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქცია არის ​ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე, იმ შემავსებლებზე, რომლებიც ვაქცინებშია. ყველაზე ხშირი შემავსებელი არის კვერცხის ოვალბუმინი. წიწილის ემბრიონზე იზრდება წითელას, წითურას და ყბაყურას ვირუსი, გრიპის ვირუსის კულტივირებაც სწორედ წიწილის ემბრიონზე ხდება. მას მოაქვს ვაქცინაში მინიმალური რაოდენობის კვერცხის კომპონენტი. თუ თქვენს შვილს აქვს კვერცხის მიმართ ალერგია, კვერცხი მიეცით და ლოყა გაუწითლდა, გამოაყარა, ამ შემთხვევაში ალერგოლოგის კონსულტაციის გარეშე ამ ტიპის ვაქცინის გაკეთება მაღალი რისკის შემცველია. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ბავშვს დაუდასტურდა ალერგია, მაგრამ წითელა, წითურა, ყბაყურის ვაქცინა მაინც გაუკეთდა. ალერგოლოგიური წესების დაცვით მაინც გაკეთდა ვაქცინა. ორი, სამი და ოთხი თვის ასაკში კეთდება ის ვაქცინები, რომლებშიც კვერცხის კომპონენტი საერთოდ არ შედის. კვერცხის კომპონენტი შედის წითელა, წითურა, ყბაყურას აცრაში.“

ბიძინა კოლუმბეგოვის თქმით, კვერცხის კომპონენტი დიდი რაოდენობით გვხვდება გრიპის ვაქცინაშიც:

„ახლა სეზონში ვართ, ყველა გვეკითხება ​გრიპის ვაქცინა გავაკეთოთ თუ არა. გრიპის ვაქცინაშიც არის კვერცხის კომპონენტი მაღალი. ბევრ ვაქცინაში სტაბილიზატორად გამოიყენება ცხოველური წაროშობის ცილა - ჟელატინი. ჟელატინიც შეიძლება იყოს ალერგიის ერთ-ერთი მიზეზი. თუ თქვენ ამ ტიპის ტკბილეულზე თქვენს შვილს ალერგიას ამჩნევთ, ხუთი წლის ასაკში ვაქცინის გაკეთებისას, გაიარეთ ალერგოლოგის კონსულტაცია. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ საფუარის ალერგია. საფუარი შედის ორი აცრის კომპონენტში: B ჰეპატიტი და პაპილომა ვირუსის აცრა. ტეტანუსი-დიფტერიისა და დიფტერია-ტეტანუსის აცრაში არის კაზეინის ნარჩენის წილი. ჩვენ გვყავს საახლობლოში ადამიანები, ვისაც მაღალი სენსიბილიზაცია აქვთ რძის მიმართ. რძის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტს ამ ვაქცინის გაკეთებისას სიფრთხილზე სჭირდება. ჩვენ შეიძლება რეაქცია ვაქცინას მივაწეროთ, ამ დროს რეაქცია არის მასში შემავალი კომპონენტის მიმართ.“

„ვაქცინაციის კალენდრის დარღვევა არ ნიშნავს, რომ ​ვაქცინა წყალში ჩაიყარა. ვაქცინის არც ერთი დოზა არ იკარგება. მთავარი ისაა, რომ 2-3-4 თვის ასაკში გაკეთებული აცრით იმუნიტეტი მიუახლოვდება 90 %-ს, წლი-ნახევრისას რომ გაუმეორდება, გახდება 97 %-ს. ხუთი წლის ასაკში 99,9 გახდება ეს მაჩვენებელი,“ - აღნიშნავს ბიძინა კოლუმბეგოვი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად