საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექიმი ნანა გეგეჭკორი ფაიზერის ბუსტერ დოზის შესახებ საუბრობს:
,,FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით.
მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის:
65 წელს გადაცილებულებს
18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს
18 - 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა
P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.