საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ვადები განისაზღვრა:
სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესს განახორციელებენ მხოლოდ დისტანციურად.
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი 2021 წლის 4 ოქტომბრამდე არ განხორციელდება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი. ამასთან, ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით.
2021 წლის 4 ოქტომბრიდან, იმ სოფელში, დაბასა და ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო ინფიცირების 4%-ზე მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებას.