Baby Bag

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვების პროგრამის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვების პროგრამის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილის მიერ სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შეფასების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

„გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მხრიდან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება. გადაიდგა საპასუხო ქმედითი ნაბიჯები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად.

ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს განათლების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამინისტროს ძალისხმევას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით. ღასან ხალილის თქმით, UNICEF აქტიურად უჭერდა მხარს სკოლების გახსნას და მოხარულია, რომ სამინისტრო პროცესს ეფექტიანად მართავს.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებმაც პანდემიის დროს შეძლეს სწრაფად ადაპტირება ახალ რეალობასთან და სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვა, რაც არ იყო მარტივი. ღასან ხალილის თქმით, საქართველოში ყველა მასწავლებელი არის ნამდვილი გმირი, რადგან მათ შეძლეს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ათვისება. მან აღნიშნა, რომ ონლაინსწავლება არც მოსწავლეებისთვის ყოფილა მარტივი და მათი აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში შენარჩუნება.

ღასან ხალილი ასევე შეეხო მასწავლებელთა ვაქცინაციას და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ძალისხმევას ამ პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ორ თვეში მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 9%-დან 69%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე...''

,,კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე...''

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის გზებზე საუბრობს:

,,ისევ და ისევ უმარტივესზე ვდავობთ.

კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე არაა მხოლოდ მაშინ ინდიცირებული, თუკი კოვიდიანს აქვს ინფექციური გართულება, არამედ ინიშნება ადრე, როცა გაქვს სიცხე 38-ზე მაღალი და ხველა, ან სიცხე, რომელიც მიუხედავად პარაცეტამოლისა მაინც არის. 

აქ მოცდა და ლოდინი არაა კარგი. სითხე, მოძრაობა, პარაცეტამოლი/იბუპროფენი, აციტრომიცინი, ბევრი სიარული და ნაკლები წოლა, ძილი მაღალ სასთუმალზე. 

თუკი არის ძალიან მშრალი ხველა, ემატება ამბროქსოლი ამოსახველებლად. თუკი სუნთქვის უკმარისობაა, ემატება აეროზოლი ბუდეზონიდი და ტაბლეტის ფორმით სისტემური სტეროიდი მაქსიმუმ 8 მილიგრამი დექსამეტაზონი დღეში. ოღონდაც, სისტემური სტეროიდის დანიშვნამდე აუცილებელია ფილტვის კტ , ც რეაქტიული პროტეინი და დ დიმერი, რომ გამოირიცხოს ფილტვის წილაკოვანი, ანუ, ბაქტერიული ანთების ვარაუდი და ფილტვის ემბოლია თუ ტრომბოზი ზოგადად. 

თუ ემბოლია / თრომბოზი არაა და არც ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არაა, პაციენტების, ჩივილიანი პაციენტების 95% მაინც გამოდის კარგად ამ სქემით.

თუ ძალიან მაღალია ც რექტიული პროტეინი, 5 ჯერ და მეტად მომატებულია, არ ყოფნის აციტრომიცინი და საჭიროა ან მოქსიფლოქსაცინის დამატება, ან საერთოდ აციტრომიცინის გამოცვლა სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით და ატიპიურების მკურნალი დამატებითი ანტიბიოტიკი, ესაჭიროება ანტიტრომბოზული თერაპია და ისევ და ისევ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, მეტი ჯდომა და ნაკლები წოლა. 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭარბწონიანებს ნაადრევად სჭირდებათ ანტიტრომბოზული მკურნალობაც და შარდმდენიც, რადგან უმძრაობის გამო სითხე თავისუფლდება და გროვდება ან ფილტვის ქსოვილში ან იმატებს ღვიძლის კარის წნევა, ან ორივე ერთად და იწყება სუნთქვის უკმარისობა. პირველი 5-დან 9 დღემდე აბსოლუტურადაა გადამწყვეტი, გართულდება თუარა კოვიდის დროს რაიმე ორგანული ფუნქცია ან მოხდება მძიმე დარღვევა,'' - აღნიშნავს ექიმი იაგო ფრანგიშვილი. 

წაიკითხეთ სრულად