Baby Bag

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების აკრძალვის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა:

„სათამაშო ბიზნესი და ონლაინ კაზინოები - ვიცით, რომ ეს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ძალიან. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის.“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების რეკლამა უნდა აიკრძალოს:

„პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ ღიად ვისაუბრო ამ თემაზე. მაქვს იმედი, რომ იქნება საზოგადოების მხარდაჭერაც.“

„ბოლო პერიოდში ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით. ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერების მოხმარებით. უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად