Baby Bag

საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება

საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება

საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება. ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის თარიღები პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების გრაფიკის მიხედვით განისაზღვრება. 2022 წლის პირველი ინავრიდან პენსიის მიმღებები გადასახადს თვის16 რიცხვამდე, ხოლო სოციალური დახმარების მიმღები პირები 22 რიცხვამდე გადაიხდიან. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„დეკემბერ-იანვარი გარდამავალი ეტაპია. ადრე თბილისში თვის სხვადასხვა რიცხვში მიდიოდნენ სხვადასხვა აბონენტთან. ეს ყველაფერი სწორდება. მრიცხველებს წაიკითხავენ მხოლოდ თვის ბოლო 29, 30, 31 რიცხვებში. პირველი იანვრიდან თვიდან თვემდე დაჯდება დარიცხვა. ის, რაც ძველი პერიოდის მოხმარება იყო, ერთი ნახევარი მიუვათ ერთი ქვითრით, მეორე ნახევარი - მეორე ქვითრით. ნუ დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ ორმაგი დარიცხვა მიუვათ. ეს იქნება ჯამში ერთი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა, რომ გასწორდეს თანხები. პირველი იანვრიდან მომხმარებლები თვეში მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ ეხებათ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს. მათ არანაირი ინფორმაციის წარდგენა არ სჭირდებათ. ავტომატურად ჩაერთვებიან სისტემაში. პენსიონერები ყოველთვის უჩიოდნენ იმას, რომ სანამ ისინი პენსიას აიღებდნენ, მანამდე მისდიოდათ გადასახადი. მათთვის და სოციალურად დაუცველებისთვის გადასახადის გადახდის ვადა იქნა გადაწეული,“ - დასძინა დავით ნარმანიამ.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად