Baby Bag

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ამონაშვილის აკადემია“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:

„ძვირფასო მეგობრებო, ის, რაც ახლა ხდება, თანაბრად ეხება ყველას და ყოველი ადამიანის ტკივილია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მინდა ვუსურვო ყველა ჩვენს უკრაინელ მეგობარს მშვიდობა და ერთიანობა. ჩვენ სიკეთისა და კეთილდღეობის შემქმნელი საზოგადოება ვართ და ნათლად ვაცნობიერებთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. დავეხმაროთ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ვუთანაგრძნოთ ყველას, ვისაც ეს ძალებს შეჰმატებს. გავუგზავნოთ სიყვარული ყველას, რადგან ჩვენს გულს უსაზღვრო სიყვარული შეუძლია.

ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს. ვილოცოთ, რომ არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს.

ნებისმიერი ომი კლავს და ანადგურებს სინათლეს, სამყაროს ჰფენს მტრობასა და სიძულვილს. ომს არ აქვს გამართლება, ის ბოროტებაა, ის უგუნურებაა, მაგრამ დღეს ომი მოვიდა და უმოწყალოდ პარპაშებს. ხელისუფლებებს არ ეყოთ გონიერება გადაეწყვიტათ გაუგებრობა ტყვიებზე უფრო ძლიერი იარაღით - ღვთის უდიდესი საჩუქრით - სიტყვით და გონებით.

დადგება დრო, როდესაც ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსება, მაგრამ ახლა აუცილებელია გადარჩენა, ბავშვების მოფრთხილება, ერთმანეთის მხარდაჭერა. არ მივცეთ მიმდინარე მოვლენებს უფლება დაბომბოს ჩვენი ადამიანურობის საყრდენები - რწმენა, იმედი და სიყვარული.

მხოლოდ ამ სამშია მომავლის გამარჯვება.

ძვირფასო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა, გითანაგრძნობთ ყველას, მესმის ყოველი თქვენგანის ტკივილის. შევეცადოთ ამ არეულ, გაურკვეველ, რთულ დღეებში ჩავაბაროთ ადამიანობის გამოცდა, რისკენაც მოგვიწოდებენ წმინდა წერილები. დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ ბავშვები. ამ ბნელ დროში დავრჩეთ სინათლის ადამიანებად და არ დავნებდეთ წყვდიადის ძალებს.

ჩემი გული ტირის. უყვარხართ თქვენ და ლოცულობს თქვენთვის,“- წერს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რითი შეიძლება ჩავანცვლით შაქარი კვების რაციონში? - ლაშა უჩავას რეკომენდაცია

რითი შეიძლება ჩავანცვლით შაქარი კვების რაციონში? - ლაშა უჩავას რეკომენდაცია

ენდოკრინილოგმა ლაშა უჩავამ იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც საკვებ რაციონში შაქრის ჩანაცვლება შეუძლია:

„ეს არის ჩვევა. მოთხოვნილებასა და საჭიროებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რა გვინდა და რა სურს ორგანიზმს, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა. თუ ოჯახში პატარაობიდნავე ბავშვებს არ მივაჩვევთ დიდი ოდენობით შაქარს, დამოკიდებულება არ გაჩნდება. ეს 90-იანი წლების დიდი „მონაპოვარია.“ მაშინ იყო მხოლოდ ჩაი და ენერგია უნდა მიგვეღო დიდი რაოდენობით შაქრით და პურით. დამოკიდებულება და ჩვევა გაჩნდა უკვე ოჯახებში.“

„რაც შეეხება ჩანაცვლებას, ჩვენ გვაქვს უამრავი ბუნებრივი დამატკბობელი. ეს შეიძლება იყოს თაფლი, ნებისმიერი ხილი, ჩირი, რომლითაც შეგვიძლია დავატკბოთ პროდუქტი. ყოველთვის შესაძლებელია ალტერნატივის გამონახვა. მაშინ, როდესაც ჩვენ პანიკაში ვვარდებით და გვინდა გარკვეული მარაგის შექმნა იმისთვის, რომ ორგანიზმი გადავარჩინოთ, ისეთი პროდუქტები მოვიმარაგოთ, რომელიც მოგვცემს ენერგიას და სიჯანსაღეს. იაპონელები შაქარს „ტკბილ სიკვდილს“ უწოდებენ მისი უარყოფითი ზეგავლენიდან გამომდინარე,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად