Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის მდგომარეობას,“ - მზიკო დალაქიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის  მდგომარეობას,“ - მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვთან მოქცევის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს მეცადინეობისთვის მშობლისგან მოტივაცია ესაჭიროება:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები სკოლიდან მოდიან ძალიან დატვირთულები. არასდროს არ არის ისე, რომ სკოლიდან მოვედი და იქ ყველაფერი კარგად იყო. შეიძლება კარგი დღე იყო ძალიან, მაგრამ სკოლაში ძალიან ბევრი ნიუანსია. ამას ბავშვები თან ატარებენ და სახლში მოაქვთ. როდესაც ჩვენ პირდაპირ გადავდივართ მეცადინეობაზე საუბარზე,​ ეს არის ემოციაგამოცლილი რაციონალური მიდგომა.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვი ყოველთვის მზად არ არის, რომ სამეცადინოდ დაჯდეს:

„ამ მომენტისთვის ბავშვები ძალიან ხშირად მზად არ არიან. ემოციურად ისინი საერთოდ სხვაგან არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევხვდებით სკოლიდან მოსულ ბავშვს, როგორ ამოვიცნობთ მის იმ მომენტის მდგომარეობას. ბავშვის დღე განაპირობებს მის განწყობას. ​ბავშვი სახლში ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ მოდის.“

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, როგორ შევხვდებით ჩვენ ბავშვებს. როგორ ვეცდებით დავინახოთ მათი მდგომარეობა. მოვიკითხოთ ბავშვი, როგორი დღე ჰქონდა, გავუზიაროთ ჩვენიც. როდესაც შენ არაგამომცდელის კითხვით ეკითხები და ელოდებოდი სახლში შვილს, რომ გაგეზიარებინა შენი დღეც, არ ხარ ჩასაფრებული, რა ნიშანი მიიღო, არამედ ეუბნები: „მომენატრე,“ სამეცადინოდ დაჯდომაც არ იქნება ისეთი სტრესული,“ - აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად