Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი რჩევა არის ხოლმე მშობლებისთვის, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ბავშვობაში, გავიხსენოთ, ჩვენ როგორ ვთამაშობდით,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ჩემი რჩევა არის ხოლმე მშობლებისთვის, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ბავშვობაში, გავიხსენოთ, ჩვენ როგორ ვთამაშობდით,“- ნეიროფსიქოლოგი  თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ადრეული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ადრეული განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ფუნდამენტი იმისი, თუ როგორი იქნება და რა იქნება ადამიანი უკვე მოზრდილ ასაკში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ​პირველი თვეებიდანვე ჩვენ როგორ ვუწყობთ ხელს ბავშვის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორ გარემოს შევუქმნით ბავშვს. ცხადია, მოვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბავშვის ფიზიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ მისი მოვლა საკმარისი არ არის:

„ძირითადად ჩვენ რაზე ვართ გადართულები?! გვინდა, რომ კარგად ვაჭამოთ, კარგად დავაძინოთ, კარგი რეჟიმი ჰქონდეს, რაც აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ბავშვი სრულფასოვან და საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ განვითარებას ხელი შევუწყოთ.“

„ეს არ არის დამოკიდებული ძვირფას სათამაშოებს ვუყიდით, თუ არა. არც იმაზეა დამოკიდებული ძვირფას გასართობ ადგილებში წავიყვანთ თუ არა. ჩვენ უნდა გვქონდეს ფოკუსი იმაზე, რომ ​დღეში ნახევარი საათი მაინც გამოვნახოთ იმისთვის, რომ ბავშვს წავუკითხოთ ზღაპარი. არ გისმენთ?! არ აქვს მნიშვნელობა. დაათვალიერებინეთ სურათები. არ უყურებს?! ჩვენ მაინც ვაგრძელებთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვეთამაშებით ჩვენს შვილს. თუ ეს არის ჩვენი ვალის მოხდა, ამ თამაშს ეფექტი არ ექნება. ჩემი რჩევა არის ხოლმე მშობლებისთვის, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ბავშვობაში, გავიხსენოთ, ჩვენ როგორ ვთამაშობდით. ეს ისეთი სიამოვნებაა, ისეთი სიხარულია. სხვათა შორის, ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს მშობლებისთვის. ჩვენს ტვინში გამოიყოფა ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები და ჩვენც ისევე გვიხარია, როგორც ჩვენს შვილს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „ასოციაცია ანიკა“

წაიკითხეთ სრულად